ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები და მარტოხელა პენსიონერები მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს ფოსტის საშუალებით მიიღებენ

405

ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები და პენსიონერები მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს საქართველოს ფოსტის საშუალებით მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს აქვს იმ ადამიანების სრული ნუსხა, ვისაც ქრონიკული დაავადებების გამო ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტების მიწოდება.

„მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და დღეიდან საქართველოს ფოსტა დაიწყებს ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას. ეს ჯაჭვი შესაბამისად იქნება სრულყოფილად აწყობილი და ისინი, საქართველოს ფოსტის საშუალებით მიიღებენ პირველ რიგში მედიკამენტებს. ჩვენ ასევე ვამუშავებთ გარკვეული საკვები პროდუქტების მიწოდებას მათთვის და ჩვენი პენსიონერებისთვის და ამ კვირაში უკვე ეს გეგმა იქნება სრულად და დახვეწილად ამუშავებული“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

შეგახსენებთ, COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.