NDI: პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიისთვის არსებული სივრცე ვიწროვდება, რაც გარკვეულწილად მედია საშუალებების მენეჯმენტში ცვლილებების გამო ხდება

1020

ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, მედია გარემო საქართველოში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, – ამის შესახებ NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ინდივიდუალური ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები ნაკლებად ხდება.

“ამჟამინდელი კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ქვეყანაში არსებობს მრავალი ეროვნული და რეგიონული მედია საშუალება. თუმცა, მედიის პოლიტიზირება გავლენას ახდენს ინფორმაციის გადმოცემაზე და ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა მედია საშუალების მენეჯმენტზე და სარედაქციო პოლიტიკაზე შეშფოთების საგანს წარმოადგენს – ორივე შემთხვევაში შესაძლებელია, მოქალაქეების მხრიდან ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებას საფრთხე შეექმნას.

დელეგაციასთან მრავალჯერ იქნა აღნიშნული საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილება, რომელიც მიკერძოებულად აღიქმება. “მაესტრო” და სხვა პატარა ტელევიზიები ტელეკომპანია “იმედის” ფარგლებში გაერთიანდა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელ ტელევიზიად აღიქმება.

16 ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას საქართველოში “რუსთავი 2”-ს, რომელიც ოპოზიციურ, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გამტარებელ არხად აღიქმება, მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც გამოწვეულია სადავო სასამართლო გადაწყვეტილებით თანხების მოძიების შეჩერების და მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინტერვენციის საფუძველზე, ამ ეტაპზე, მოხერხდა ამჟამინდელი მენეჯმენტის დროებითი შენარჩუნება.

პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიისთვის არსებული სივრცე ვიწროვდება, რაც გარკვეულწილად მედია საშუალებების მენეჯმენტში ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გამო ხდება. საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე “მაესტრომ” და “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროგრამები და დებატები ბადიდან ამოიღეს; ეს გადაცემები პატარა, არასაპარლამენტო პარტიებს მათთვის საჭირო სატელევიზიო დროს აძლევდა, რაც განსაკუთრებით საჭიროა ამ პერიოდში.

რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ გადაცემებს, მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ სირთულეები ექმნებათ პირდაპირ ეთერში გამართულ დისკუსიებში მმართველი პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით. რამდენიმე პარტია, განსაკუთრებით შედარებით პატარა პარტიები, ისევე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატები აცხადებენ, რომ არსებული შევიწროებული სივრცე, ასევე მაუწყებლების მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა მათთვის სირთულეს ქმნის, მიიღონ თანასწორი დაფარვა. ზოგიერთი აცხადებს, რომ საერთოდ ვერ იღებს სატელევიზიო ეთერს.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად. მედია საშუალებების უმეტესობა პირობას დებს, ეთერში გაუშვან გადაცემები და დებატები, რაც საშუალებას მისცემს კვალიფიციურ (და ზოგიერთ შემთხვევაში არაკვალიფიციურ) საარჩევნო სუბიექტებს საკუთარი პროგრამა წარმოადგინონ და ძირითად საკითხებზე დებატები გამართონ. ეროვნული მაუწყებლები აღიარებენ, რომ ადგილობრივი კამპანიების ყოვლისმომცველი გაშუქება გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით ორი ათასზე მეტი საარჩევნო მარათონი ართულებს თანმიმდევრული, სიღრმისეული ანალიზის გაკეთებას ადგილობრივ დონეზე და საკითხებზე. მცირებიუჯეტიანი რეგიონული მედია საშუალებების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ არსებულ არჩევანზე სანდო ინფორმაცია მიიღოს. ონლაინ ქსელების მოხმარება იზრდება და მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანის დაბალბიუჯეტიანი პლატფორმის არსებობის პოტენციალს ქმნის, თუმცა მათი აუდიტორია მაინც შეზღუდულია”, – ნათქვამია ანგარიშში.

წყარო: ინტერპრესნიუსი