ქუთაისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების და ბენზინგასამართი სადგურების გარდა, მუშაობა დროებით უნდა შეწყვიტოს ყველა სხვა სახის დაწესებულებამ და ობიექტმა და აქედან გამომდინარე, ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ამ ობიექტებს დროებით შეუჩერდებათ საიჯარო გადასახადი.
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მოსახლეობის დაცვასთან ერთად აუცილებელია, ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღოს.
„კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გვაძლევს. მოსახლეობის დაცვასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღოს ეკონომიკამ. მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მივიღეთ სწორედ ეს გადაწყვეტილება და მათ დროებით ვათავისუფლებთ გადასახადებისგან“, – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
ცნობისთვის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მეწარმეებს თავად დაუკავშირდებიან და საშეღავათო პერიოდის დეტალებს გააცნობენ.