NDI: შეინიშნება ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა, რაც მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს

577

ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა შეინიშნება, რაც მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს, – ამის შესახებ NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 14 ივლისს, დელეგაციის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, 2000-ზე მეტმა ადამიანმა, თბილისის ცენტრში, იმიგრაციის წინააღმდეგ გამოსვლა – “ქართველთა მარში” – გამართა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ”ქართული ოცნების” ყოფილმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ასევე ამჟამინდელმა პარლამენტის წევრმა ”პატრიოტთა ალიანსიდან” მონაწილეობა მიიღეს გამოსვლაში, როგორც ეს მრავალმა მედია საშუალებამ გადმოსცა.

”მარშის ორგანიზატორები მოითხოვდნენ არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციას, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, ბინადრობის ნებართვებზე უცხოელებისთვის შეზღუდვების დაწესებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას. ეს საკითხები აძლიერებს არსებულ ცრურწმენებსა და პოპულისტურ განწყობებს, რომელიც ასევე აისახება მმართველი პარტიის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, მათ შორის ქორწინების განსაზღვრა, როგორ კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, და უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა.

ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, მარშს დეზინფორმაციის და რუსეთის ჩარევის მზარდ ტენდენციას უკავშირებენ. იმიგრანტების მიერ ჩადენილი დაუდასტურებელი გაუპატიურების შემთხვევები და სხვა ძალადობის აქტები სოციალური მედიით გაზიარდა, რაც შემდეგ ტრადიციულ ქართულენოვან მედიაშიც გავრცელდა.

ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, აღნიშნული გზავნილების წარმომავლობას რუსეთს მიაწერენ და აცხადებენ, რომ გზავნილები მიზნად ისახავს ფაქტებისა და ჭეშმარიტების მიმართ ნდობის შესუსტებას და დემოკრატიული ღირებულებებისა და ნორმების რყევას, დისკრედიტაციას და საბოლოოდ მათ მიმართ ნდობის გაქრობას.

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც Facebook-ზე საჯაროდ გააკრიტიკა მარში, შევიწროების და სექსუალური ძალადობის მუქარის მსხვერპლი გახდა, რაც გარემოს არასტაბილურობაზე მეტყველებს.

მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერ შეშფოთებას გამოთქვამდნენ დეზინფორმაციის გავლენასთან და უცხო ქვეყნის ჩარევასთან დაკავშირებით, და სწამთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინციდენტები კიდევ უფრო გამწვავდება, პარტიების დამოკიდებულებები განსხვავებულია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა, შეშფოთება გამოთქვეს, მზარდი ეთნო-ნაციონალიზმის და რუსეთის გავლენის მიმართ.

ხელისუფლების და პარტია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა უმეტესწილად უარყვეს გავრცელებული ვარაუდი, რომ დეზინფორმაცია და ანტი-დასავლური პროპაგანდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ისინი აღნიშნავენ, რომ მოქალაქეები ამგვარი რიტორიკის მიმართ მგრძნობიარე არ არიან”, – ნათქვამია ანგარიშში.

წყარო: ინტერპრესნიუსი