დღეს სხვადასხვა სვლა-გეზზე, 16 ერთეული ავტობუსის ნაცვლად მუშაობს 23 სატრანსპორტო საშუალება, -ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კერძო მიკროავტობუსების შეზღუდვის გამო, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა გაიზარდა და 16 ავტობუსის ნაცვლად 23 ავტობუსი მოძრაობს.
“ძვირფასო რუსთაველებო! როგორც უკვე იცით, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, ქალაქში დღეიდან აკრძალულია მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. რუსთაველებს ქალაქში გადაადგილებისთვის მხოლოდ მუნიციპალური, ანუ M3 კატეგორიის ავტობუსებით მოვემსახურებით.
დღეს სხვადასხვა სვლა-გეზზე, 16 ერთეული ავტობუსის ნაცვლად მუშაობს 23 სატრანსპორტო საშუალება. აქედან ორი, იმოძრავებს მეტალურგიული ქარხნიდან ქუთაისის მოედმნამდე და პირიქით – წრიულად. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია და ამ ტრანსპორტით გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხოა მოსახლეობისთვის, მაინც კიდევ ერთხელ გთხოვთ, გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და მაქსიმალურად მოვერიდოთ სახლიდან გამოსვლას, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს,” – ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.