NDI: კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ოპოზიციური ძალების, პრეზიდენტის, არასამთავრობოების და საზოგადოების მხარდაჭერა, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს

947

საკონსტიტუციო რეფორმას კონსენსუსის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობა უნდა შეექმნა. ნაცვლად ამისა, არსებული მონახაზი პოლარიზების გამომწვევი დოკუმენტი გახდა, რომლის ერთ მხარესაც „ქართული ოცნებაა“, ხოლო მეორე მხარეს ყველა ოპოზიციური პარტია და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი.

დელეგაციის შეფასებით, კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ყველა ოპოზიციური ძალის, პრეზიდენტის, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და გარკვეული დებულებების შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს.

“2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე საქართველოს კონსტიტუცია, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესშია. ამ რეფორმებს, დამტკიცების შემთხვევაში, რამდენიმე მიმართულებით ექნება პირდაპირი და ირიბი გავლენა ადგილობრივ არჩევნებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა სამივე რეფორმის მიმდინარეობის პროცესი გააკრიტიკეს გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ მხარეთა სრული ჩართულობის ნაკლებობის გამო. კრიტიკის საგანს წარმოადგენდა ასევე ამ რეფორმების წამოწყება არჩევნების დღესთან ასე ახლოს. ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც არ იქნა გამოყენებული საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმების პროცესში, არის ის, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ზომებს არ ითვალისწინებს. საპარლამენტო მანდატების მხოლოდ 15 პროცენტი აქვთ ქალებს და საკრებულოებში მათი წარმომადგენლობა მხოლოდ 12 პროცენტია. 71 არჩეული მერიდან და გამგებლიდან მხოლოდ ერთია ქალი. ჯგუფები, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, ინტენსიურ ადვოკატირების კამპანიას აწარმოებდნენ ისეთი საარჩევნო რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას უზრუნველყოფდა. საპარლამენტო და საკრებულოს პარტიულ სიებში გენდერული წარმომადგენლობის გასაზრდელად ნებაყოფლობითი ფინანსური წამახალისებელი ნორმა 2011 წელს დამკვიდრდა. თუმცა ეს ზომა არ აღმოჩნდა საკმარისი იმ მნიშვნელოვანი ბარიერების გადასალახავად, რასაც ქალები პოლიტიკაში აწყდებიან.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დაიწყო. მიუხადავად იმისა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა პირდაპირ გავლენას არ ახდენს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროცესი იყო წინააღმდეგობრივი და თითქმის ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრების თანახმად, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პოლიტიკურ გარემოზე. თავდაპირველად პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ინკლუზიურ დებატებს მოიცავდა. მიუხედავად ამისა, ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ გარდა, და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეთიშნენ აღნიშნულ პროცესს მაშინ, როდესაც, როგორც მათ აღნიშნეს, მათი მოსაზრებების უმრავლესობა არ იქნა გათვალისწინებული. ამასთანავე, პრეზიდენტმა თავიდანვე უარი განაცხადა კომისიაში მონაწილეობაზე. მაშინ, როდესაც უმრავლესობის ლიდერები ამტკიცებენ, რომ რეკომენდაციების 80 პროცენტი ცვლილებების პროექტში აისახა, ამ შეფასებას ჩართული მხარეების მხოლოდ მცირედი ნაწილი ეთანხმება და ხაზს უსვამს, რომ ყველაზე წინააღმდეგობრივი საკითხების ირგვლივ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს.

საკონსტიტუციო რეფორმას კონსენსუსის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობა უნდა შეექმნა. ნაცვლად ამისა, არსებული მონახაზი პოლარიზების გამომწვევი დოკუმენტი გახდა, რომლის ერთ მხარესაც „ქართული ოცნებაა“, ხოლო მეორე მხარეს ყველა ოპოზიციური პარტია და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ყველა ოპოზიციური ძალის, პრეზიდენტის, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და გარკვეული დებულებების შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს”, – ნათქვამია ანგარიშში.

წყარო: ინტერპრესნიუსი