ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება თქვენი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი, კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ადგილზე თქვენ მზად იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა რესტორნების, ფიტნესკლუბების, თუ სპაცენტრების მუშაობის შეჩერება, მათი სასწრაფოდ აღსრულება რეგიონულ დონეზე, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, თქვენი პასუხისმგებლობაა“, – მიმართა პრემიერმინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.
პრემიერმინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტუინად აღსრულდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ.