საქართველოს დემოკრატიული გზის კრიტიკულ გასაყარზე, 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებს, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი.
დელეგაციის შეფასებით, ეს არჩევნები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, უპასუხოს ძირეულ საარჩევნო გამოწვევებს.
“რადგან საქართველო სამართლიანად ამაყობს თავისი დემოკრატიული და ევროპული არჩევნით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სრულად გაითვალისწინოს წარსულში გაცემული რეკომენდაციები. საქართველოს აქვს უნარი, დრო, მხარდაჭერა, გამოცდილება და რესურსი, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს. ამისთვის საკმარისი პოლიტიკური ნებაა საჭირო”, – ნათქვამია დელეგაციის ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საქართველო ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მდიდარი დემოკრატიული მონაპოვრით უახლოვდება.
“საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბევრი მიღწევით იამაყონ, მათ შორის დინამიური პოლიტიკური გარემოთი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძალიან ძლიერი მხარდაჭერით. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში დელეგაცია ორ პარალელურ და განსხვავებულ საქართველოს წააწყდა: ერთი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” ლიდერებისა და თანამდებობის პირების მიერ და მეორე, რომელიც დელეგაციასთან შეხვედრებზე ყველა სხვა ჯგუფმა – ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამკვირვებლებმა, ყველა სხვა საპარლამენტო და არასაპარალმენტო პარტიამ და კანდიდატმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და მედიაორგანიზაციებმა – აღწერა. პირველი ჯგუფის აზრით, დემოკრატიული გამოწვევები მცირეა: მედიის თავისუფლებას და ხელმისაწვდომობას საფრთხე არ ემუქრება; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების განხილვა სწრაფად და მიუკერძოებლად ხდება; სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის კუთხით დაბრკოლებები მცირეა და კონსტიტუციური თუ სამართლებრივი რეფორმები მხარეების თანამონაწილეობითა და დემოკრატიული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
ყველა სხვა ჯგუფის პერსპექტივით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული გამოწვევებია: დავების გადაწყვეტისას ხდება კანონის არათანაბარი და პოლიტიკური გამოყენება; პარტიები და კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან; ხდება ზეწოლა დაფინანსების პოტენციურ წყაროებზე; სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება; ალტერნატიული მოსაზრებების გამოთქმისთვის მედიასივრცე მცირდება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხდება, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით”, – აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც დელეგაცია, ასევე, ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთი ჩამოთვლილი საკითხი ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდეც აქტუალური იყო და ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური გარემოს შემადგენელი ნაწილია.
ამასთან, მათი თქმით, ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღება არა არჩეული მთავრობის ლიდერთა, არამედ კულისებს მიღმა არაფორმალური მმართველის ხელშია.
“შეხედულებების ამგვარმა მკვეთრმა განსხვავებებმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე და დროთა განმავლობაში არასტაბილურობას შეუწყოს ხელი. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებების სიზუსტისა, დიდ უმრავლესობას და ძალაუფლების კონცენტრირებას თან სდევს საზოგადოების ნდობის მოპოვების, თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ალტერნატიული შეხედულებების არსებობის უფლების უზრუნველყოფის და პარტიული კუთვნილების მიღმა კონსენსუსის მიღწევის პასუხისმგებლობა. ამასთან, დემოკრატია ეყრდნობა ოპოზიციის არსებობას, რომელიც კონსტრუქციულად ერთვება პოლიტიკურ პროცესში და შეუძლია კონკრეტული და ქვეყნისთვის სასარგებლო ალტერნატიული ხედვის შემოთავაზება.
ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანია. პირველი კონტაქტი მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზედამხედველობას უწევენ მოსახლეობისთვის ადგილობრივად მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, გზებს, საბავშვო ბაღებს, ნაგვის გატანას, და გარემოს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის პირობებში დემოკრატია ძლიერდება და უფრო სტაბილური ხდება. 2017 წლის არჩევნები მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს კანდიდატებს და პარტიებს, აქცენტი გააკეთონ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე”, – ნათქვამია NDI-ს დელეგაციის ანგარიშში.
წყარო: ინტერპრესნიუსი