განათლების მინისტრის მოადგილე: სკოლებში არდადეგების კიდევ გახანგრძლივებაზე ამ დროისთვის საუბარი არაა

532

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, არდადეგების კიდევ გახანგრძლივებაზე ამ დროისთვის საუბარი არაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტრო ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათგან მიღებულ რეკომენდაციებს მიყვება.

“შესაბამისად, რეკომენდაცია და ქვეყანაში არსებული სიტუაცია როგორი იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ზოგადი განათლების საფეხურზე, დისტანციური კომუნიკაცია სკოლასა და მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის იქნება. რა ფორმებით იქნება და რა რეკომენდაციებს გასცემს განათლების სამინისტრო, დღეს დღის ბოლომდე სკოლები მიიღებენ ამ ინფორმაციას. ეს იქნება მხოლოდ რეკომენდაციების დონეზე ფორმა, როგორ მოხდეს ამის კომუნიკაცია და ალტერნატიული შეთავაზებებიც იქნება, თუმცა, როგორ გააკეთებს პროცესის ორგანიზებას სკოლა, ეს იქნება სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სკოლებთან და საგანმანათლებლო რესურცენტრებთან. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დირექტორს, მასწავლებლებს – საზოგადოება სოლიდარულია და მზადაა თანამშრომლობისთვის, ელოდება ინსტრუქციებს. დარწმუნებული ვარ, აქტიურად იქნება ყველა მასწავლებელი ამ პროცესში ჩართული,” – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში სწავლის დაწყება პირველ აპრილამდე გადაიდო. სკოლებში გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურება შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე მოხდება.