ოლესია ვართანიანი: აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” ვითარება კრიტიკულად მძიმეა და ადმინისტრაციები მოქალაქეებისთვის საბაზისო სერვისების მიწოდებასაც კი ვერ უზრუნველყოფენ

808

„საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის“ ანალიტიკოსის ოლესია ვართანიანის განცხადებით, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შექმნილი ვითარება კრიტიკულად მძიმეა და ადგილობრივი ადმინისტრაციები მოქალაქეებისთვის საბაზისო სერვისების მიწოდებასაც კი ვერ უზრუნველყოფენ.

„რუსული ანტაგონიზმი სამეზობლოში: პუტინის გაყინული კონფლიქტები და კონფლიქტი უკრაინაში” – ამ თემაზე საჯარო მოსმენა ვაშინგტონში, კონგრესში, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქართველოს საკითხზე მოხსენებით ოლესია ვართანიანი, „საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის” ანალიტიკოსი გამოვიდა.

ვაშინგტონის საჯარო მოსმენის და ოლესია ვართანიანის გამოსვლის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

ვართანიანმა, საკუთარ სიტყვაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” შექმნილი ვითარება კრიტიკულად მძიმეა და რომ ადგილობრივი ადმინისტრაციები, მოქალაქეებისთვის საბაზისო სერვისების მიწოდებასაც კი ვერ უზრუნველყოფს.

ანალიტიკოსმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების რთულ მდგომარეობაზე. განაცხადა, რომ ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებაც კი არ აქვთ.

სიტყვით გამოსვლისას, ვართანიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, სამედიცინო დახმარების მისაღებად, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა სჭირდებათ, საოკუპაციო ხაზის კვეთისას კი სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან.

დისკუსია თემაზე საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოსმენას ესწრებოდა “კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის” თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი. დისკუსიზე სიტყვით გამოვიდა “IRI”-ს ევრაზიის პროგრამების დირექტორი, სტივენ ნიქსი. დისკუსიის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში კი ნათქვამია, რომ დეფაქტო ხელისუფლებები ზღუდავდნენ ადამიანის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების უფლებებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში.