აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დეფაქტო ხელისუფლებები ზღუდავდნენ ადამიანის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების უფლებებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში

766

დეფაქტო ხელისუფლებები ზღუდავდნენ ადამიანის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების უფლებებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია რუსეთისა და დეფაქტო ხელისუფლებების მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფისა და დაკავების ფაქტებზე.

ანგარიშის თანახმად, შეზღუდული წვდომის გამო, სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მწირი იყო, თუმცა ბრალდებები დარღვევების შესახებ მუდმივად ჟღერდებოდა.

„დეფაქტო ხელისუფლებები რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთში ზღუდავდნენ ადამიანის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების უფლებებს. მათ შორის ხმის მიცემის, პოლიტიკურ პროცესში სხვაგვარად მონაწილეობის, საკუთრების, ბიზნესის რეგისტრაციისა და გადაადგილების უფლებებს. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2008 წლის შედეგად გამოდევნილ ეთნიკურ ქართველებს სამხრეთ ოსეთში დაბრუნების საშუალება არ მისცა, მათ არ მისცეს საშუალება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რეგულარული წვდომა ჰქონოდათ. გაიზარდა რუსთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების „ბორდერიზაციის“ ფაქტები,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში „რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში დე-ფაქტო ხელისუფლებების მიერ ადამიანის უკანონო მოკვლის სულ მცირე ერთი ფაქტია დაფიქსირებული.“

„ივლისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთში ანზორ ტარბა დააკავა. ტარბა პატიმრობაში გარდაიცვალა. მოგვიანებით, აფხაზეთის ხელისუფლებამ გამომძიებლები ნადრი ჯირკიბა და სხვა სამი თანამდებობის პირი დააკავა და მათ ბრალი „განსაკუთრებით სისასტიკით წამებაში დადეს, რამაც დაკავებულის სიკვდილი გამოიწვია.“ აფხაზეთის დეფატო ომბუდსმენის განცხადებით, აფხაზეთის პენიტენციალურ სისტემაში წამების ფაქტები ფართოდაა გავრცელებული.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსი ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია პატიმრობაში გარდაიცვალა.

„საქართველოს ხელისუფლება კვარაცხელიას საქმეს განიხილავს, როგორც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის „უკანონოდ“ გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქეების თვითნებურად დაკავების გაგრძელებას,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასაევე ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის 1992-93 წლების ომისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2 300-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.