რუსთავის მერის ინიციატივით, ქალაქში ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭო შეიქმნება

510

რუსთავის მერის ინიციატივით, ქალაქში ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭო შეიქმნება. რუსთავის მერის ცნობით, აღნიშნული სიახლე, დღეს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთაველ ბიზნესმენებს პროფესიულ კოლეჯ “მოდუსში“ გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესმენებთან ერთად, რუსთავის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ასევე რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რევაზ ბარბაქაძე ესწრებოდნენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს დებულების პრეზენტაცია გაიმართა. ირაკლი ტაბაღუამ საბჭოს მიზნებზე და ამოცანებზე ისაუბრა.

,,ბიზნესმენთა საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, იმდენად, რამდენადაც ამ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ბიზნესის სფეროში და წარმატებულები არიან საკუთარ საქმიანობაში. მათი ინტერესი, რომ იყვნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები და მიიღონ მონაწილეობა ქალაქის გლობალური საკითხების გადაწყვეტაში, ეს რა თქმა უნდა ქალაქისთვისაც კარგია და ბიზნესისთვისაც, შემდგომი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქი რუსთავი მესამე წელია ჩართულია საერთაშორისო ინიციატივებში – “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, გასული წლის დეკემბერში, რუსთავს, პოლონეთის ქალაქ ჩელაჯის თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუმრობდა. აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო პოლონეთის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება. სწორედ პოლონეთის ქალაქ ჩელაჯში არსებული ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს მოდელის მიხედვით მოხდა რუსთავზე მორგებული დებულების შემუშავება.

“ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს დებულების საბოლოო ვერსიას, ჩვენ რუსთაველ ბიზნესმენებთან კონსულტაციისა და რეკომენდაციების შედეგად შევიმუშავებთ. საბჭოს შემადგენობაში შევლენ თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, პროფესიულ კოლეჯ “მოდუსის“ წარმომადგენელი და იურისტი, რომელსაც სამეწარმეო სამართალში გარკვეული რეკომენდაციების მომზადებაში აქვს გამოცდილება“, – განაცხადა რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს მიზნებია: ბიზნესსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მეტი კოორდინაცია, ბიზნესსექტორის ჩართულობა ქალაქის განვითარებაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში და გამოწვევების დაძლევაში.