ქუთაისში, აღმაშენებლის 112-ში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და მათს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის არარსებობა გააპროტესტეს. მათი თქმით, კორპუსში სულ 2 ლიფტია და არც ერთი მათგანი არ მუშაობს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, კორპსუში 2 კვირაზე მეტია არც წყალია და 14 სართულიან საცხოვრებელში წყალს ეზოში არსებული ჭიდან ეზიდებიან. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
“წყალი არ გვაქვს. საერთო წყალსაქაჩი დაზიანდა. არ მუშაობს ლიფტი, რადგან ელექტროგაყვანილობა მწყობრიდან გამოვიდა. კორპუსის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირებას ვცდილობთ, მაგრამ კონტაქტზე არ გამოდის,”-ამბობენ ადგილობრივები.
ადგილობრივების პროტესტს პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, გაურკვეველია, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ადგილობრივების პრობლემების მოგვარებაზე, რადგან მოსახლეობის გასაჭირზე არც ერთი უწყება პასუხისმგებლობას არ იღებს.
კორპუსში სულ 110 ოჯახი ცხოვრობს, უმეტესად დევნილები.