ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ, ვიხრჩვებით – მოქალაქეები ბათუმის ზეთის ქარხანასთან

495

ბარცხანაში, ნონეშვილის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და ზეთის ქარხნის ქალაქგარეთ გადატანა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წლებია საწარმოს მუშაობით გამოწვეული ხმაური აწუხებთ.  ასევე ჰაერში ხშირად მძაფრი სუნია, რასაც ქარხნის მუშაობას უკავშირებენ. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

”ეს პრობლემა დაახლოებით 10 წელია გვაწუხებს. ბავშვები არ გამოგვყავს გარეთ. ვიხრჩვებით. აჭარაში ყველა მეორე ადამიანს ბრონხები აწუხებს და პირდაპირ აღნიშნულ საკითხს ურტყამს. გაყიდიან, ახალი მენეჯმენტი მოდის, შემდეგ მეორე, მესამე და ასე გრძელდება. ასეთ გაჭირვებაშია ხალხი”, – აცხადებს აქციის მონაწილე.

მოსახლეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესაუბრა. ტიტე აროშიძემ განცხადა, რომ საწარმოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ პროცესებში გარემოს დაცვის ინსპექტირების სამსახურიც ჩაერთვება. სპეციალისტები დაადგენენ, უკავშირდება თუ არა ხმაური და ჰაერის დაბინძურება ქარხანას.

ბარცხანაში ზეთის ქარხანას ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არაერთხელ დაურღვევია. მაგალითად გარემოს ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის მონაცემებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერების გაფრქვევისთვის დაჯარიმებულია აღნიშნული ზეთის ქარხანაც.

მომდევნო წლებშიც მოქალაქეები არაერთგზის გამოხატავდნენ პრეტენზიას, რომ საწარმოს არ ჰქონდა სპეციალური ფილტრები, ჰაერი ბინძურდებოდა და მძაფრი და არასასიამოვნო სუნი იყო საცხოვრებელ კორპუსებთან.