ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

815

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ახალი ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდება. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო 5 კმ-იან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

„საფინანსო ინსტიტუტთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მოხერხდა სატენდერო მოთხოვნების ისე ჩამოყალიბება, რომ ტენდერში მონაწილეობა შეძლოს მეტმა ქართულმა კომპანიამ. ასეთი მიდგომის წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, სადაც 4 ლოტიდან 3-ზე ქართული კომპანია მუშაობს. ქართული კომპანიების მეტი ჩართულობა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, პროექტების უფრო სწრაფად განხორციელებასაც უწყობს ხელს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ხულო-ზარზმის პროექტზე პროგრესის მისაღწევად“, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

პროექტი განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს.