წარწერა “რუსთავის” მოსაწყობად გამოცხადებული 910 000-ლარიანი ტენდერი ჩაიშალა, მერიამ სამუშაოებს ფასი დააკლო

906

წინა სტატია

რუსთავის შემოსასვლელში ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოწყობისთვის, რომელზეც ქალაქის ორენოვანი წარწერა იქნება დატანილი, ტენდერი ჩაიშალა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით, 1 მლნ ლარი იყო. მერიამ ახალი ტენდერი თითქმის 200 ათასი ლარით ნაკლებ თანხაზე გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორუსთავი წერს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ ვებრგვერდზე ტენდერი შემოსასვლელში კონსტრუქციის აშენებისთვის 721 081 ლარზე გამოაცხადა.

რატომ ჩაიშალა ტენდერი და რამ გამოიწვია თანხის 200 ათასით შემცირება, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ დოკუმენტაცია დაზუსტდა.

“პირველი ტენდერი იმის გამო ჩაიშალა, რომ საჭირო გახდა დოკუმენტაციის დაზუსტება და აღნიშნული ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა. თანხის კლება კი რაღაცა სამუშაოების ამოღებამ გამოიწვია,”- განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ზაზაძემ.

კერძოდ, რუსთავის შემოსასვლელის კონსტრუქციის აშენებისთვის გამოცხადებუი ახალი ტენდერის მიხედვით აღარ გაკეთდება კონსტრუქციამდე მისასვლელი გზა, შემოღობვა და ასევე საყვავილეები, რომლებიც უნდა გაკეთებულიყო მიმდებარე ტერიტორიაზე.

ზაზა ზაზაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ კოსტრუქციის გაკეთება იგეგმება და დანარჩენი სამუშაოები შემდეგ ეტაპზე განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ წარწერა “რუსთავი” 2 ენაზე, ქართულად და ინგლისურად, 30 მეტრის სიმაღლის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება. თითო ასოს სიმაღლე 2 მეტრის იქნება და დღისით თუ ღამით შორი დისტანციიდანაც გამოჩნდება, ღამე წარწერა განათდება. ძირითადი კონსტრუქციის ფერი იქნება ნაცრისფერი, ასოების ფერზე კი სავარაუდოდ თეთრი.

რუსთავის მერიამ ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოსაწყობად ტენდერი იანვარში გამოაცხადა. მერია კონსტრუქციის მოსაწობად 909 548 ლარის დახარჯვას გეგმავდა, რასაც მაშინ ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.