თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის ასარიდებლად დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ბაღში 10:00 საათის მონაცემებით, 40-65%-იანი დასწრებაა. მათივე ინფორმაციით, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად 40-70%-ის ფარგლებში მერყეობს.
სააგენტოს ცნობით, თითოეულ ბაგა-ბაღში, ბავშვთა ოდენობიდან გამომდინარე, აღსაზრდელების ჯანმრთელობას 1 ან 2 ჯანმრთელობის კოორდინატორი ამოწმებს.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბაღები ამ დროისთვის ყველა საჭირო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებითაა აღჭურვილი.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ესენია:
- მოერიდეთ ახლო კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა;
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონისას გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი;
- მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას;
- ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
- ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვლის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულს;
- თუ ახველებთ ან აცემინებთ, გაიკეთეთ ნიღაბი;
- ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცვლელი ხსნარით ან საპნითა და წყლით;
- ნიღბის ტარების შემთხვევაში დაიცავით მისი სწორად მოხმარებისა და გადაგდების წესები;
- მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი;
- მოერიდეთ დაუცველ ან მჭიდრო კონტაქტს გარეულ ან/და ფერმის ცხოველებთან
ამ რეკომენდაციებს ახლავს ხელების წყლითა და საპნის დაბანის დასურათებული წესებიც.
ბროშურებში ასევეა საუბარი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო გზებსა და სიმპტომებზეც.
„ახალი კორონავირუსი ვრცელდება:
- წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით
- თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით
- დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით-შეხება, ხელის ჩამორთმევა
- იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით
ახალი კორონავირუსის სიმპტომებია:
- ცხელება
- ხველა
- სუნთქვის გაძნელება
- მძიმე დაავადება“, – ნათქვამია ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ბაგა-ბაღების დირექციებისადმი გაგზავნილ წერილში.