33 350 ლარიანი შენობა, უკვე მეხუთე წელია მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში უფუნქცოდ დგას და შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ თვალსაჩინოებისთვისაა. პროექტის მიხედვით ის ახალგაზრდული კაფე უნდა ყოფილიყო, თუმცა, აშენებიდან ერთი წლის შემდეგაც ახალგაზრდული კაფეს ექსპლუატაციის კანონიერი ჩარჩო განსაზღვრული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნაგებობა მართლაც პატარაა, ირგვლივ მინები აქვს და გამჭვირვალეა. მისი მშენებლობა 2016 წლის 31 ოქტომბერს დასრულდა, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 350 ლარი დაიხარჯა.
ვერც მერებმ თოფჩიშვილის გამგებლობის პერიოდში და ვერც თემურ აბაზოვის მერობის განმავლობაში, შენობამ დატვირთვა ვერ შეიძინა. არც ახალ მერს, ზაურ დარგალს აქვს ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი თუ რა ფუნქცია შეიძლება შესძინონ შენობას.
„ჯერ არაფერი გეგმები არ გვაქვს მაგასთან დაკავშირებით. ვფიქრობდით მერიის დამხმარე შენობად, მაგრამ ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ“ – თქვა ზაურ დარგალმა.
რადიო „მარნეული“ ჯერ კიდევ 2018 წელს დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა და რით შეიძლება დავტვირთოთ ცარიელი შენობა. აზრთა სხვადასხვაობაა მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ კარგი იქნება სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად, ზოგმა კი ფართი სიმცირის გამო უსარგებლოდ მიიჩნია.