გარემოს დანაგვიანებისთვის ფულადი ჯარიმები იზრდება

901

შემდეგი სტატია

საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილ გადაცდომებზე ფულადი ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული არსებული ჯარიმების მიუხედავად, ფიზიკური/იურიდიული პირები გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით მაინც ანაგვიანებენ და არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს.

კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა. რაც შეეხება ჯარიმებს, ცვლილებების მიხედვით, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად, წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებული იქნება, შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა.

აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს კომპანიის მართვის გეგმის შემუშავების დავალდებულებას პირთა უფრო ფართო წრისთვის, კერძოდ, არსებული რედაქციით, მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს ჰქონდათ კომპანიის ნარჩენების გეგმის წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენს წარმოქმნიდნენ, აღნიშნული რაოდენობა კანონპროექტში წარმოდგენილი რედაქციით შემცირებულია 400 ტონამდე.

კანონპროექტით, ორ კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა, 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით განისაზღვრება.

ასევე, პროექტის თანახმად, ორ კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას, 120 ლარის ნაცვლად, 250 ლარის ოდენობით.

ასევე, ხუთ ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 150 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით;

ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ნაცვლად, გაოთხმაგებული – 2000 ლარის ოდენობით;

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებების თანახმად, ორ კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი, ნაცვლად 100 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება;

ასევე, ცვლილებებით, ორ კგ ან ორ კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150-ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირისთვის იგივე ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა.

ამასთან, ინიციატივით, ერთ მეტრ კუბზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან, 300 ლარის ნაცვლად, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი, 1000 ლარის ნაცვლად, გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით – 3000 ლარით;

ასევე, პროექტით, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტი ჯარიმა: ფიზიკურ პირს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 6000 ლარის ოდენობით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, სანქცია წესდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში ნარჩენების არადანიშნულებისამებრ (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსებისთვის.

აღნიშნული ცვლილებით ნარჩენების წარმომქმნელებს ეკრძალებათ კონკრეტულად რომელიმე სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახის ნარჩენების განთავსება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შემდგომში ნარჩენების სეპარირების პროცესის დანერგვას ქვეყანაში. ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისათვის შეადგენს 200 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარს.