პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება

540

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა იზრდება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის სრულყოფისთვის და ამ სფეროში წესრიგის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის, თბილისის მერიის ინიციატივით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი შემუშავდა.

კერძოდ, პროექტის თანახმად: ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას; მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები; უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა სმს შეტყობინება.

ამასთან, ავტომობილის – ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით!

მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10- დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება.

„აღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს ფეხით მოსიარულეების, შშმ პირების, ველოსიპედებითა და ელექტროტრანსპორტით მოსარგებლე მოქალაქეების უფლებების დაცვის მეტი გარანტიის უზრუნველყოფას, რაც პირდაპირპროპორციულ გავლენას მოახდენს მთლიანად სატრანსპორტო პოლიტიკის ფუნქციონირებაზე.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი რგოლია რეფორმების იმ ჯაჭვში, რომელიც ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის, მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემის ფორმირებას ემსახურება!”- განაცხადა დავითულიანმა.