სამ თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 601 ფაქტი გამოვლინდა

303

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 3 თვეში, ნარჩენების მართვის კოდექსის 601 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი – 218 ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა. მცხეთა-მთიანეთში გამოვლენილია 62 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 53, ქვემო ქართლში – 50, კახეთში – 44, იმერეთში – 34, გურიაში – 13, შიდა ქართლშიც – 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი – 2.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალ-მარტში, ნარჩენების მართვის კოდექსის 53 ფაქტია გამოვლენილი თბილისში.

„რაც შეეხება სამართალდარღვევების შინაარსს: ყველაზე მეტი – 346 ფაქტი, მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაა; მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – 97 ფაქტი; სამშენებლო ან/და სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურება – 45; კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – 15; საბურავით გარემოს დანაგვიანება – 7; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე, სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება – 6; ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება – 4; სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა – 2; 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 1; სხვა სამართალდარღვევა – 78 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინეს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.