საქართველოს მთავრობას შესაძლოა, შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივდეს. “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი ამ წუთებში, პლენარულ სხდომაზე იხილავს.
კანონპროექტის ინიციატორი “ქართული ოცნებაა”. დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ “წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება”.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადა უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ბოლო გადაწყვეტილებით – 2021 წლის 1 ნოემბრამდე. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მთავრობას კვლავ ერთპიროვნულად ექნება უფლება, დააწესოს ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა ე.წ. კომენდანტის საათი, ლოქდაუნი და სხვა.