ბავშვები, რომელთაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ

102

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც 1 ოქტომბრამდე 6 წელი შეუსრულდათ, სკოლაში შესვლის შესაძლებლობას აძლევს.

მომხსენებლის გიორგი ამილახვარის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა განპირობებულია სასკოლო ასაკის ბავშვების რეგისტრაციის ვადების მოახლოებით.

კანონპროექტის განხილვამდე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა დედაენის დღე მიულოცა კოლეგებს და საქართველოს მოქალაქეებს.

„დღეს არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის – დედაენის დღე – გილოცავთ ყველას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე.