ქარელის მუნიციპალიტეტში ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ ქარელის მუნიციპლიტეტის მოსახლეობას გააცნო.
ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.
”ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული. იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი”, – განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 24 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
წყარო: ინტერპრესნიუსი