შამუგია: საჭიროების შემთხვევაში ხორბლის სექტორს დავეხმარებით

319

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, თუ საჭირო გახდა სახელმწიფო ხორბლის სექტორს დაეხმარება, თუმცა ამ ეტაპზე მინისტრი ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

“იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ შეთანხმება მიიღწევა და უკრაინიდან ხორბლის გატანა შესაძლებელი იქნება. პროცესს ვაკვირდებით და თუ საჭირო გახდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სექტორის დასახმარებლად, ამას გავაკეთებთ. პირველი ამოცანაა, რომ პურზე ფასი მოსახლეობას არ გაუძვირდეს და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით ვიღებთ”,-განაცხადა შამუგიამ.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს, სტამბოლში მოაწერეს შეთანხმებას ხელი შავი ზღვით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკოორდინაციო ცენტრი გაიხსნა.

29 ოქტომბერს კი რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე გაეროში რუსეთის ელჩი შეთანხმებიდან გასვლით დაიმუქრა.