”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება უკვე დაიწყო.
გიორგი ბოტკოველმა ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების მაგალითად, მუნიციპალიტეტებში სოფლის გამგებლების ხელშეკრულებით გადაყვანა დაასახელა.
„ყველა მუნიციპალიტეტში სოფლის გამგებლები ხელშეკრულებით გადაჰყავთ. როგორც ისინი პირად საუბრებში აღნიშნავენ, შემდგომი გადაწყვეტილება მათი დაკავებულ პოზიციებზე დარჩენის თაობაზე, არჩევნებზე მიღებული შედეგებით განისაზღვრება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ფაქტს მთავრობის იმ დადგენილებით ხსნიან, რომელიც საჯარო მოხელეთა სახელფასო რანგირებას ითვალისწინებს, თუმცა რეალურად ამ დადგენილებას ხსენებულ ფაქტთან საერთო არაფერი აქვს და უბრალოდ ცდილობენ გადაწყვეტილება ამ დადგენილებას მოარგონ”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მისივე მოსაზრებით, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე მიზანი იკვეთება.
“ამ ადამიანებს დაუდებენ პირობას, რომ სოფელში კარგი შედეგის ჩვენების შემთხვევაში გაუგრძელდებათ ხელშეკრულება; ხელშეკრულებით მყოფ საჯარო მოხელეებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ აქტიურად ჩაერთონ წინასაარჩევნო კამპანიაში”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი