ზუგდიდის მერია ქალებს სასაჩუქრედ, ხორცსაკეპების ნაცვლად, ყვავილებს უყიდის

529

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა ღონისძიებისთვის ყვავილების თაიგულებს და გვირგვინებს შეისყიდის. ჯამში 214 ცალს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 5 010 ლარია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

გამარჯვებული ვალდებულია ყვავილები ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, წლის განმავლობაში მიაწოდოს შემსყიდველს. როგორც „ლაივპრესს“ მერიაში განუცხადეს, ყვავილები სასაჩუქრედ გათვლილია ქალთა და დედის დღესთან დაკავშირებითაც.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თაიგულები და გვირგვინები განსაზღვრულია მერიისთვის და საკრებულოსთვის.

კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გათვალისწინებულია ჯამში ყვავილების 45 სასაჩუქრე შეფუთვის შეძენა.

მათ შორის იქნება 2 ცალი გვირგვინი ატლასის ლენტით; 33 ცალი მინდვრის ყვავილების პატარა თაიგული, 5 ცალი სასაჩუქრე ყუთი, ან კალათა სეზონური ყვავილებით, 5 ცალი თაიგული.

მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისთვის გათვალისწინებულია ყვავილების 155 სასაჩუქრე შეფუთვის შეძენა.

აქედან 10 ცალი არის ყვავილების გვირგვინი ატლასის ლენტით, მინდვრის ყვავილების პატარა თაიგული 50 ცალი, სასაჩუქრე ყუთი, ან კალათა ყვავილებით 30 ცალი და თაიგული 65 ცალი.

ზუგდიდის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 6 თაიგულის და 8 გვირგვინის შეძენა.

ცნობისთვის, მანამდე მერია ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენა სურდა. ტენდერს არასამთავრობოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია.

შედეგად მერიამ ხორცსაკეპი მანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, “საზოგადოებაში გამოწვეული აზრთა სხვაობის” მიზეზით გააუქმა. მერია ქალთა დღესასწაულისთვის 20 სხვადასხვა ორგანიზაციიდან წარდგენილ ქალბატონს თაიგულს და 200 – 200 ლარს, ფულად საჩუქარს გადასცემს.