ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გააუქმა ხორცსაკეპი მანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, “საზოგადოებაში გამოწვეული აზრთა სხვაობის გამო”. მერიაში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ ქალებს მერის გადაწყვეტილებით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, აღარ აჩუქებენ ტექნიკას.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა დღესასწაულისთვის 20 სხვადასხვა ორგანიზაციიდან წარმოდგენილ ქალბატონს თაიგულს და 200 – 200 ლარს, ფულად საჩუქარს გადასცემს, რათა თითოეული მათგანის ინტერესი თანაბრად იქნეს გათვალისწინებული. ზუგდიდში მოქმედი 20 სხვადასხვა ორგანიზაცია ქალბატონებს თავად, საკუთარი კრიტერიუმებით შერჩევს და წარადგენს”, – განმარტეს მერიაში.
მანამდე, ხორცსაკეპების შეძენასთან დაკავშირებით, ზუგდიდის საკრებულოში გენდერულმა საბჭომ იმსჯელა.
ტენდერს, რომელზეც თავდაპირველად “ლაივპრესმა” დაწერა, არასამთავრობოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია.
მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა 7 თებერვალს ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკას შეიძენს. საუბარი იყო 20 ხორცსაკეპ მანქანაზე.