“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე, 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროცესს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ზედელაშვილი მოიაზრებაირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შპს “სერპანტინისა” და გიორგი ზედელაშვილის საქმიანობა 2014-2015 წლებში გამოქვეყნებულ განცხადებასა და ბლოგში მიმოიხილა,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
შპს “სერპანტინი” 2000 წლის 19 მაისს დარეგისტრირდა და საქმიანობს გზებისა და ხიდების მშენებლობის სფეროში. თავდაპირველად, კომპანია 1957 წელს შექმნილ “ხიდების სარემონტო სამშენებლო სამმართველოს” ბაზაზე დაფუძნდა, რომლის დირექტორად 1986 წელს დაინიშნა გივი ზედელაშვილი, გიორგი ზედელაშვილის მამა, რომლის გარდაცვალების შემდგომ მისი წილი გადაფორმდა მის მეუღლეზე, თამარ ჯანყარაშვილზე. დღეს ეს წილი 69%-ს შეადგენს.
ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემა მოიცავს 2011 წლიდან არსებულ ინფორმაციას.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2011-2012 წლებში, შპს “სერპანტინის” ჯამურმა ბრუნვამ 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 5.3 მილიონი ლარი მოდის კახეთში განხორციელებულ პროექტებზე.
2012 წლამდე შპს “სერპანტინი” იყო ერთ-ერთი რიგითი კომპანია, რომელიც მუშაობდა საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში არ იკვეთება მისი განსაკუთრებული ან დომინანტური მდგომარეობა 2012 წლის ჩათვლით, თუმცა სურათი რადიკალურად იცვლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
2013 წელს შპს “სერპანტინის” ბრუნვები 700%-ით იზრდება 2012 წელთან შედარებით. კომპანია “სერპანტინმა” 2013-2019 წლებში მონაწილეობა მიიღო 171 ტენდერში, საიდანაც მოიგო 102. ტენდერებიდან 43 შემთხვევაში მას კონკურენტი არ ჰყოლია. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ 31 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
,,კომპანია “სერპანტინმა” მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 46 ტენდერში, საიდანაც 24-ში გაიმარჯვა, აქედან 6 მათგანში უკონკურენტოდ. ტენდერებიდან მიღებული თანხის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 64,283,502.64 ლარი.
დაინტერესებას იწვევს ისეთი ტენდერები, რომლებიც შეწყდა და ხელახლა გამოცხადების შემდეგ გაიმარჯვა სწორედ “სერპანტინმა”.
გარდა ამისა, საფუძვლიან ეჭვს ბადებს შპს “სერპანტინის” მიერ ერთმანეთის მიყოლებით აღებული მრავალმილიონიანი ტენდერები, რომლებიც რამოდენიმე დღის ინტერვალში უფორმდება კომპანიას. მაგალითად, 4,906,910 ლარისა და 6,181,180 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები “სერპანტინს” 4 დღის ინტერვალში გაუფორმდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანში გაიმარჯვა უკონკურენტოდ და ორივე პროექტი დედოფლისწყაროში განხორციელდა.
კომპანიამ მონაწილეობა მიიღო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 12 ტენდერში, რომელთაგან ყველა კახეთის მხარეში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან იყო დაკავშირებული.
12-დან “სერპანტინმა” მოიგო 9 ტენდერი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 11,882,944.59 ლარი შეადგინა”,- წერია ორგანიზაცის მიერ გამოქვეუყნებულ კვლევაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 – 2019 წლებში მუნიციპალიტეტებში მოგებულ ტენდერებში იკვეთება გარკვეული საყურადღებო ტენდენციები.
,,თელავის მუნიციპალიტეტში შპს “სერპანტინმა” მონაწილეობა მიიღო 43 ტენდერში, საიდანაც 29 მოიგო. 29 ტენდერიდან 15-ში იყო უკონკურენტო. თელავის მუნიციპალიტეტისგან მიღებული თანხის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 14,292,775.84 ლარი.
ყვარლის მუნიციპალიტეტში შპს “სერპანტინმა” 14-დან 10 ტენდერი მოიგო, საიდანაც 5-ში არ ჰყოლია კონკურენტი. ყვარლის მუნიციპალიტეტისგან მიღებული თანხის ჯამურმა მოცულობამ 5,206,512 ლარი შეადგინა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 16 ტენდერიდან 12 მოიგო, საიდანაც 9-ში კონკურენტი არ ჰყოლია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისგან მიღებული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 4,910,776.8 ლარს.
კომპანია “სერპანტინმა” ჯამში 105 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მიიღო, საიდანაც 64.3 მილიონი ლარი მოდის საავტომობილო გზების დეპარტამენტზე, 29 მილიონი ლარი – კახეთის მუნიციპალიტეტებზე, ხოლო 11.9 მილიონი ლარი კი – მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერებზე.”
შპს “სერპანტინის” 31%-ის მესაკუთრემ, ნუგზარ ხუცაიძემ[1] 2013 წელს შეიძინა შპს “მშენებელი 2009”-ის 50% წილი, ხოლო 2018 წლის 12 სექტემბრიდან კომპანიის 100 %-იანი წილის მესაკუთრე გახდა შპს “სერპანტინი”.
,,2013-2019 წლებში “მშენებელი 2009”-მ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 20 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 14-ში გაიმარჯვა, მათ შორის 7 შემთხვევაში უკონკურენტოდ.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ზედელაშვილი დღეისათვის აღარ იკავებს მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში, შპს “სერპანტინის” შემოსავლები წლიდან წლამდე მატულობს, რამაც, საკვლევი პერიოდის ბოლოს 105 მილიონ ლარს გადააჭარბა. საფუძვლიან კითხვებს ბადებს კვლევაში წარმოდგენილი ტენდენციები, რომლებიც ხაზს უსვამს შპს “სერპანტინის” დომინანტურ პოზიციას სახელმწიფო შესყიდვებში და ნათლად წარმოაჩენს საეჭვო გარემოებებს, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კორუფციულ გარიგებებთან.
ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინის” მიერ მიღებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას.”
სრული კვლევა იხილეთ აქ: