„ლელო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ზუგდიდი-მესტიის გზის მშენებლობას წინასაარჩევნო პერიოდამდე აჭიანურებს

626

სტატიის გაგრძელება

„ლელოს“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლებას გულგრილი დამოკიდებულება აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ და ხშირად საარჩევნოდ იყენებს. მან გულგრილობის და დროში გაწელილი პროექტის მაგალითად ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა მოიყვანა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ალექსანდრე ახვლედიანის განცხადებით, ორი წელია სახელმწიფო მნიშვნელობის გზა, სადაც ყოველდღიურად სვანეთის მიმართულებით მოძრაობენ ტურისტები, მძიმე მდგომარეობაშია. „ლელოს“ წარმომადგენლის თქმით, საეჭვოდ გაიწელა დროში სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლისთვისაც 2 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც შესაძლო კორუფციაზეც მიუთითებს.

„როცა ხდება გზის საფარის დაზიანება, ერთი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს მისი ისევ რეაბილიტაცია, ისე რომ ამ გზაზე მოძრაობა შეიძლებოდეს. ეს გზა არის ზუგდიდი-თბილისი-მესტიის დამაკავშირებელი, რომელიც ორი წელია ამორტიზებულია. აქ მოძრაობს ტურისტების ნაკადი, რომელიც სვანეთისკენ მიემართება, მაგრამ ამას ხელისუფლება არაფრად არ აგდებს. არაფრად აგდებს ამ პრობლემას და რჩება ღია. მოსახლეობა კი ამაზე ხმას ვრე იღებს, რადგან შეშინებულია. უსასრულოდ გაწელილი ეს სამუშაოები იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს დიდი კორუფციული წყაროა და ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას“, – განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.

მან განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირად დროში ხანგრძლივდება მიზანმიმართულად რათა სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყოს:

„ყველა ეს პრობლემა თავს იყრის ერთ გარემოებასთან – 2020 წელი საარჩევნო წელია. როგორც ყოველთვის სამუშაოები საარჩევნოდ იწყება შეგნებულად, რათა არჩევნებამდე ორი თვით ადრე შექმნან აღმშენებლობის ილუზორული ეფექტი და ამით შეეცადონ გავლენის მოპოვებას საარჩევნო განწყობებზე. მმართველი პოლიტიკური გუნდის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ეწირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების დროული და კეთილსინდისიერი გადაწყვეტა“, – თქვა ალექსანდრე ახვლედიანმა.

მან ჟურნალისტებთან განცხადება ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელ ნაწულუკუს მონაკვეთზე გააკეთა.