ზუგდიდის საკრებულოს გენდერულ საბჭოში იმსჯელეს, დისკრიმინაციულია თუ არა მერიის მიერ ქალთა დღესასწაულებისთვის ხორცსაკეპი მანქანების შეძენა 

1169

ზუგდიდის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ამბობენ, რომ მერიის მიერ ქალთა დღესასწაულებისთვის საჩუქრად ხორცსაკეპების გადაცემაზე ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია, რომელიც ქალთა დღისთვის ხორცსაკეპის ჩუქებაში დისკრიმინაციულს ვერაფერს ხედავს, ამბობს, რომ საჩუქრების შეძენაზე საბჭოში რომ ემსჯელათ, ის ამ რეკომენდაციას არ მისცემდა.

„სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი რატომ მოაფიქრდათ რომ ქალებს ხორცსაკეპი მანქანები უყიდონ საჩუქრად. თუ წარმატებული ექიმია, კარგი იქნება ხალათი, ან სხვა რაიმე ასეთი ნივთი, თუ მასწავლებელია – წიგნი. თუ პროფესიული ნიშნით მოხდება წარმატებული ქალების გამოვლენა, შეიძლება სიმბოლური საჩუქრები გადაეცეს, რომელიც ასოცირდება მათ პროფესიასთან. რაც შეეხება დისკრიმინაციას, იურისტი ვარ და დისკრიმინაცია მგონი უფრო სხვა რამეს ნიშნავს. ეს არის უსამართლო და უთანასაწორო მოპყრობა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ამით არავის დამცირებას არ ცდილობდნენ, მაგრამ საჩუქარი სხვა ფორმით უმჯობესი იქნებოდა. ქალთა დღეზე საჩუქრების შეძენის საკითხი უნდა ყოფილიყო საბჭოს სხდომაზე განხილული მანამდე“, – ამბობს სანდრო სორდია.

საბჭოს კიდევ ერთი წევრმა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამაც გვითხრა, რომ ქალთა დღეზე საჩუქრად ხორცსაკეპების გადაცემაზე მისთვის ცნობილი არ იყო.

„ხორცსაკეპების შეძენაზე მან სოციალური ქსელიდან შევიტყვე. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, რომელსაც დავაფიქსირებ საბჭოს სხდომაზე“,- ამბობს ნინო სხულუხია.

გენდერული საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ასოციაცია „დეას“ ხელმძღვანელი მადონა ხარებავა ფიქრობს, რომ პრობლემაა, როცა ქალისთვის მთავარ საჭიროებად სამზარეულოს ნივთი აღიქმება.

„ხედვა იმისა, რომ ქალის მთავარი ღირებულება მაინცდამაინც სამზარეულოს ხელსაწყო რომ უნდა იყოს ეს არის პრობლემა. რატომ ხორცსაკეპი, მოდი მამაკაცებს ვაჩუქოთ. ამასთან დაკავშირებით, საბჭოს სხდომაზე აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს აზრს“.

მისივე აზრით, ასევე გაუგებარია „წარმატებული ქალების“ შერჩევის პროცედურა.

„ჯერ ერთი საინტერესოა ვინ ქალებზეა საუბარი, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ქალს საჩუქარს ვერ გაუკეთებენ, პრეტენზიები მაქვს შერჩევის კრიტერიუმებთან, ვინ არჩევს და როგორ“.

“ლაივპრესის” კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მერიამ გააუქმოს ხორცსაკეპების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, საკრებულოს დეპუტატი სანდრო სორდია ამბობს, რომ ტენდერი გაუქმებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძვლები.

„ტენდერი რომ შეჩერდეს ან გაუქმდეს, ამას სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება, დასაბუთება უნდა, რომ ეს დისკრიმანციის ნიშნებს შეიცავს. ვფიქრობ, რომ ეს არ იყო მიზანშეწონილი და დისკრიმინაციის ნიშნები აქ არ იკვეთება“, – აცხადებს დეპუტატი.

ზუგდიდის მერიის მიერ ქალთა დღესასწაულებისთვის საჩუქრად ხორცსაკეპი მანქანების შესაძენად ტენდერის გამოცხადებას უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა.

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ საკითხზე გენდერული საბჭო იმსჯელებს.

მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა 7 თებერვალს ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკას შეიძენს. საუბარია 20 ხორცსაკეპ მანქანაზე.