პროგრამას „აწარმოე საქართველოში” წელს ახალი მიმართულებები ემატება

718

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დღეს გასული წლის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გახდა, ხოლო სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარუდგენა.

ხიდურელის ინფორმაციით, 2020 წელს პროგრამას ახალი მიმართულებები ემატება. მაგალითად პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბალნეოლოგიური ინდუსტრიის კომპონენტი, ტურისტული სერვისებისა და თევზჭერის კომპონენტები.

როგორც უწყება განმარტავს, სააგენტო 2014 წლიდან ადგილობირივი ბიზნესის განვითარებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს, ხოლო 2017 წლიდან ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე მუშაობაც დაიწყო. სააგენტოს ადგილობრივი მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების პორტფელი კი, ყოველწლიურად იზრდება – 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს საწარმო პროექტების რაოდენობა გაზრდილია 31 პროცენტით, ხოლო სასტუმროების – 48 პროცენტით.

პრეზენტაცია დღეს საწარმო „მეამაში“ შედგა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების მხარდაჭერით გაიხსნა. „მეამა“ მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა. ის ერთდროულად აწარმოებს, როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს.