ზესტაფონის მერიის თანამშრომელი ზურაბ არაბიძე, ქალაქის მერსა და სამხედრო სამსახურის უფროსს პირადი შურისძიების მიზნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქუთაისიპოსტი წერს.
ზურაბ არაბიძე, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დღეს დაგეგმილ გასაუბრებაზე მივიდა, თუმცა, ოთახი მალევე დატოვა. იგი პროცესს ფარსს უწოდებს და ამბობს, რომ მასში მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ხედავდა, რადგან წინასწარ იცოდა, რომ მისი გათავისუფლება გადაწყვეტილი იყო.
საჯარო მოხელის განცხადებით, მერიამ რეორგანიზაციის ვადებიც დაარღვია და საშტატო ცვლილებები კანონით დადგენილი სამი თვის ნაცვლად, მეოთხე თვეა მიმდინარეობს.
ზურაბ არაბიძის თქმით, თავდაპირველად დაპირისპირება მასსა და ქალაქის მერს, გიორგი გოგლიჩიძეს შორის დაიწყო, რისი მიზეზიც არაბიძის მეუღლის მიერ, ზესტაფონის ყოფილი მერის, კახა მახათაძის ინტერესების სასამართლოში დაცვა გახდა.
კახა მახათაძეს, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ მისი მერობის დროს იყო აღძრული, გიორგი გოგლიჩიძე მუდმივად ადანაშაულებდა კორუფციაში და მისი გადაყენების მოთხოვნით მერიის წინ საპროტესტო აქციებსაც მართავდა. ზურაბ არაბიძე ამბობს, რომ გოგლიჩიძე მის წინამორბედს პირად მტრად აღიქვამს და ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ისიც მტრად გამოაცხადოს.
ამავე მიზეზით, ზურაბ არაბიძის განცხადებით, მასზე ზეწოლას ახორციელებდა სამხედრო სამსახურის უფროსი, ავთანდილ კიკნაველიძე, რომელიც ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა კიკნაველიძის ბიძაა.
„გოგლიჩიძემ მითხრა პირდაპირ: შემ ხარ ჩემი მტერი, რადგან შენი მეუღლე მახათაძის ინტერესებს იცავდაო. ამისი გამო გადამეკიდა. შემდეგ ჩემზე ზეწოლა დაიწყო სამსახურის უფროსმაც, ავთანდილ კიკნაველიძემ, რომელიც შალვა კიკნაველიძის ბიძაა. ცდილობდა ჩემთან კონფლიქტური სიტუაცია შეექმნა. არ იცოდნენ როგორ გავეშვი სამსახურიდან, რადგან თვითონ ჩემი სამსახურის უფროსს აქვს ჩემზე დადებითი შეფასებები გაკეთებული და კვალიფიკაციის დასადასტურებელი ყველა ეტაპი წარმატებით მაქვს გავლილი, ამიტომ მოიგონეს რეორგანიზაცია, რომ სამსახურიდან გავეშვი. მე ეს შემთხვევით გავიგე, ამიტომ აზრი არ ჰქონდა ამ ფარსში მონაწილეობას“,-ამბობს ზურაბ არაბიძე.
სამხედრო სამსახურში შტატების შემცირება რომ გადაწყვეტილია, ადასტურებს ავთანდილ კიკნაველიძე, თუმცა, თანამშრომელზე ზეწოლას უარყოფს და ამბობს, რომ თავად არ წყვეტს ვინ წავა სამსახურიდან.
„გამაფრთხილეს 10-დან რვა შტატი უნდა დარჩესო, დანარჩენი არაფერი ვიცი. მე არაფერს ვწყვეტ, საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია იღებს. რაც შეეხება ზურაბ არაბიძეს, მასთან არავითარი დაპირისპირება არ მქონია და მითუმეტეს, რა შუაშია ამ საკითხთან შალვა კიკნაველიძე? კი ბატონო, მისი ბიძა ვარ, მაგრამ შალვა დაბადებული არ იყო, მე რომ მერიაში დავიწყე მუშაობა“, – ამბობს ავთანდილ კიკნაველიძე.
პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანაში ადანაშაულებს ზურაბ არაბიძეს იურიდიული სამსახურის უფროსი. მალხაზ მაჭავარიანი ამბობს, რომ არაბიძე ჯერ გასაუბრებაზე მივიდა, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
„მოვიდა, თანხმობა განაცხადა აუდიო-ვიდეო ჩაწერაზე, შემდეგ კი თქვა, ამისთვის არ ვარ აქ მოსულიო და დაიწყო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. ისიც კი თქვა, თითქოს მე მითქვამს სამსახურიდან გიშვებენთქვა. მან არ მიიღო მონაწილეობა გასაუბრებაში და დაეწერა ნული ქულა. შესაბამისად, უკვე გამოიკვეთა ერთი გასათავისუფლებელი პრეტენდენტი. აქ პიროვნებებზე არ არის საუბარი, ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, რომ საჭიროა შტატების შემცირება“, – ამბობს მალხაზ მაჭავარიანი.
იურიდიული სამსახურის უფროსი ვერ უარყოფს, რომ რეორგანიზაცია კანონით დადგენილ დროზე დიდხანს გაგრძელდა, თუმცა, ამბობს, რომ იგივე კანონი ვადის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.
„რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ გასული წლის 28 ოქტომბერს, მაგრამ ვერ ვეტეოდით ვადაში, რადგან ეს არის სამუშაო პროცესი, ამიტომ ერთი თვით გადავწიეთ, რის უფლებასაც კანონი გვაძლევს“,-ამბობს მალხაზ მაჭავარიანი.
ბრალდებებს არ ეთანხმება არც ქალაქის მერი, გიორი გოგლიჩიძე. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
ზურაბ არაბიძე სამსახურიდან გათავისუფლებლად ოფიციალურად ჯერ არ ითვლება, თუმცა, ამბობს, რომ მან სასამართლოში სარჩელის შეტანა უკვე გადაწყვიტა.