2017-2018 წლებში სიღნაღის თვითმმართველობამ სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვა კანონმდებლობის დარღვევით განახორციელა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
2017-2018 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტმა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით 25 ხელშეკრულება გააფორმა, საერთო ღირებულებით − 1,116.4 ათასი ლარი.
აუდიტის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მერია მიმწოდებლებისგან არ ითხოვდა დოკუმენტაციას ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ.
“ამასთანავე, შესრულებული სამუშაოების აქტებისა და სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვების მაჩვენებლების შედარებით ირკვევა, რომ სამუშაოების ერთეულის ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა და არ ასახავს ფაქტობრივად გადახდილ თანხებს”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
გაწეული ხარჯის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა მოითხოვა ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა.
“აღნიშნულით დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნა, კერძოდ, მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა
პასუხისმგებელმა პირებმა) სამუშაოები ჩაიბარა და ანგარიშსწორება განახორციელა ფაქტობრივი
დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. შესაბამისად 1,116.4 ათასი ლარი წარმოადგენს შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე
ანაზღაურებულ ხარჯს.
ანალოგიური დარღვევის ფაქტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ასახულია სიღნაღის
მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, თუმცა
პრობლემა კვლავ მოუგვარებელია”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2017-2018 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვა განხორციელებულია კანონმდებლობის დარღვევით. ამასთან, ანგარიშსწორების პროცესში 25 ხელშეკრულების ფარგლებში 1,116.4 ათასი ლარი ანაზღაურებულია ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის გარეშე, რაც აუდიტის ცნობით, ქმნის თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.
აუდიტის სამსახური მიმართავს სიღნაღის მუნიციპალიტეტს (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) რეკომენდაციით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, ანგარიშსწორება არ განახორციელოს მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
“ამ მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან”, – წერია აუდიტის რეკომენდაციაში.
აუდიტის ინფორმაციით, გასული პერიოდის ხელშეკრულებებისათვის საჭიროა მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები.
“შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ ანგარიშსწორების აღნიშნული პრინციპის დაცვა”, – წერია რეკომენდაციაში.