აუდიტი: სიღნაღის თვითმმართველობამ 375 200 ლარის უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა

655

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სიღნაღის თვითმმართველობამ 375 200 ლარის უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშით ირკევა, რომ 2017-2018 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისგან შეისყიდა სხვადასხვა სახის სამუშაოები, მათ შორის: ქ. სიღნაღის ცენტრალური ქუჩების სარეაბილიტაციო (პირველი და მეორე ეტაპის) სამუშაოები; ქ. წნორში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები; სოფლების: ბოდბის და ბოდბისხევის (ორი ერთეული) ჭაბურღილის და წყალსადენის ქსელის მოწყობა; სოფ. ნუკრიანის №17 და სოფ. ანაგის №8 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფ. ილიაწმინდაში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები; ქ. წნორში, სოფლებში: ძველ ანაგაში, ქვემო მაჩხაანსა და ნუკრიანში (კალოები), ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობა და სოფ. ბოდბეში არსებული მოედნის რეაბილიტაცია; ქ. წნორის №2, სოფ. ძველი ანაგის №16 და სოფ. ბოდბის №25 საბავშვო ბაღების შემოღობვა.

აუდიტის ცნობით, აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებას ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე.

“ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, შემოწმებულია შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ხარისხი. შესწავლით ირკვევა, რომ ექსპერტიზის მიერ ხარისხის დასადგენად საჭირო კვლევები განხორციელებული არ იყო. შესაბამისად, ჩატარებული ექსპერტიზა არ არის სათანადო და ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასებას. წარმოდგენილი დოკუმენტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, შეამოწმა მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტებულია ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლებით.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების ჯგუფი სრულად დაეყრდნო ექსპერტიზის არასათანადო დასკვნებს და სხვა დამატებითი ღონისძიებები სამუშაოების ხარისხის დასადგენად არ განუხორციელებია.

შედეგად, აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სამუშაოები და მიმწოდებლებს სრულად აუნაზღაურა მათი ღირებულება.

გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული პროექტები, რა დროსაც გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და მნიშვნელოვანი დაზიანებები, კერძოდ:

ქ. სიღნაღის ცენტრალური ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები

2018 წელს მუნიციპალიტეტმა შპს „ბურჯი+“-სგან ტენდერის გზით შეისყიდა ქ. სიღნაღის ცენტრალური ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები (პირველი და მეორე ეტაპები) საერთო ღირებულებით 97.3 ათასი ლარი. 2019 წლის 9-10 ოქტომბერს აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა შესრულებული პროექტები. შედეგად გამოვლინდა, რომ ცენტრალური ქუჩის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ. კერძოდ, შენობების ფასადის კედლებიდან ჩამოცვენილია შპაკლი და საღებავი, ასევე, მოწყობილ ქვაფენილს აღენიშნება ჩავარდნები.

ადიტის ამგარიშის მიხედვით, პროექტები ექსპლოატაციაში შესვლიდან მალევე დაზიანდა, რაც მის უხარისხობაზე მიანიშნებს. თუმცა, დაზიანების მიუხედავად, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა
პასუხისმგებელმა პირებმა საგარანტიო ვადაში არ მიმართეს მიმწოდებელს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისათვის.

გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევისა, ასევე, დაზიანებულია და უხარისხოდ არის მოწყობილი 5
ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში.

ამასთან, აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ხელშეკრულებების მიხედვით რომლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოების საგარანტიო ვადაში საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები, თუმცა მუნიციპალიტეტს დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით შემსრულებლისათვის არ მიუმართავს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, საბავშვო ბაღების, სკვერის და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაზიანების მიზეზია შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი. ხოლო კონტროლის მექანიზმში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური ეყრდნობოდა ექსპერტიზის არასათანადო დასკვნებს, ამასთანავე, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსავლენად არ ახორციელებდა დამატებით ღონისძიებებს. შედეგად მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დაენერგა ქმედითი და ეფექტური კონტროლის მექანიზმები და ჩაიბარა 375.2 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია.

აუდიტის სამსახური მიმართავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეკომენდაციით, შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, მოქმედი სტანდარტების დაცვით, სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები.

“ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც ევალებოდათ სამუშაოების მონიტორინგი, ობიექტების მიღება და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები”, – ნათქვამია აუდიტი რეკომენდაციაში.