რეგიონებში 402 მილიონი ლარის 6774 პროექტი დაფინანსდა – ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის ანგარიში

771

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ 2019 წელს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა.

მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის განცხადებით, რეგიონების განვითარებისათვის 2019 წელს უპრეცენდენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სულ, რეგიონებში 402 მილიონი ლარის 6774 პროექტი დაფინანსდა.

მისი თქმით, ახალმა მიდგომებმა და ცვლილებებმა ხელი შეუწყო როგორც ახალი კომპანიების შექმნას, ისე სამუშაო ადგილების გაჩენას.

„2019 წელს რეგიონებში პროექტებზე 1020 კომპანია ოპერირებდა. აქედან, 361 კომპანიამ პირველად იმუშავა რეგიონებში პროქტებზე, ხოლო ამ 361- დან 150 კომპანია 2019 წელს შეიქმნა. რეგიონებში დაფინანსებული პროექტების შესრულებისას დასაქმებული იყო 15 000-მდე ადგილობრივი მოსახლე. „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დაფინანსდა 310 მილიონი ლარის 1260 პროექტი”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2019 წლის განმავლობაში რეგიონებში დაფინანსებული პროექტების ყველაზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის (20.1 მილიონი ლარის 493 პროექტი), წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების (18 მილიონზე მეტის 51 პროექტი) და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის (7,1 მილიონზე მეტის 30 პროექტი) პროექტი დაფინანსდა. ასევე, დაფინანსდა სპორტული ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური, კულტურის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაციის პროექტები, სანიაღვრეებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკვერებისა და ბაღების, ხიდების მოწყობის სამუშაოები.

ბეგიაშვილის განცხადებით, 2019 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, დასრულდა დაფინანსებული პროექტების 99.5%. „სამუშაოები დასრულებულია 635 პროექტზე, მიმდინარეა 60 პროექტი. პროექტების განხორციელების შემდეგ ეკონომიამ შეადგინა 1,177,978 ლარი. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტს 67 მილიონი ლარით აღემატება“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, 2020 წელს რეგიონში 340 მილიონი ლარის 6 350-მდე პროექტი დაფინანსდება.

„2020 წელს განათლების ინფრასტრუქტურას კვლავ 40 მილიონი ლარი მოხმარდება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც 40 მილიონი ლარით დაფინანსდება, ხოლო მთის ფონდი ინფრასტრუქტურულ პროექტებს 10 მილიონი ლარით დააფინანსებს. 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, ტენდერი გამოცხადებულია 230 მილიონი ლარის 530 პროექტზე. მიმდინარეობს 20 მილიონი ლარის პროექტების შერჩევის პროცესი. სისტემური ცვლილებების და უკვე დაგროვილი გამოცდილების შედეგად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ტენდერები 2020 წლის თებერვალში თითქმის დასრულდა (94%) მაშინ როდესაც 2019 წელს სატენდერო პროცესი მაისამდე, ხოლო 2018 წელს ივნისამდე გაგრძელდა”, – განაცხადა ბეგიაშვილმა.