ბეგიაშვილი: კახეთში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

216

კახეთის რეგიონში ამჟამად, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ასეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომლებიც დაფინანსებულია სხვადასხვა ფონდებიდან, როგორებიცაა – მუნიციპალური განვითარების ფონდი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები. აქედან, ხაზგასასმელია, რომ 55 მილიონი არის ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე, დაახლოებით, 35 პროექტი. ამ დღეებში მოვინახულეთ სწორედ ეს პროექტები, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა და აქტიურად მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი უკვე დასრულებულია. დარწმუნებული ვარ რომ თითოეული პროექტი ვადებში დამთავრდება და მათგან მიღებული სიკეთე მოხმარდება რეგიონის მოსახლეობას და ახალგაზრდებს”, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP-ის) პროექტების მონიტორინგის მიზნით, კახეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოინახულეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა – მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა. სულ, კახეთის რეგიონში PIRDP-ის ფარგლებში, 54,293,782 ლარის 35 პროექტია დაფინანსებული.

მათ შორისაა, ქალაქ თელავში მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, წნორში კულტურისა და დასვენების პარკის მშენებლობა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის, ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, გურჯაანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია, სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი ტურისტული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარედ ტურისტული რეკრეაციული არეალის მოწყობა და სხვა.