ეკატერინე ბასილაია
ყვარლის სოფელ ზინობიანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ იმ მინისტადიონის ხელახლა მოწყობა იგეგმება, რომელიც გასულ წელს უკვე „გაკეთდა“ და დაიხარჯა კიდეც ამავე პროგრამით გამოყოფილი 12 000 ლარი.
ადგილობრივების პრეტენზიაა, რომ სოფელში, რომელსაც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, 2 წელი ფული ერთი და იგივე სტადიონის ვითომ მოსაწყობად არ უნდა იფლანგებოდეს, რადგან გასულ წელს მხოლოდ მინდორი გათიბეს და არსებული ღობე შეღებეს, მიუხედავად იმისა, რომ მერიიდან დაპირება იყო საბავშვო მოედნის მოწყობასა და სკამების დადგმაზე.
მუნიციპალიტეტს მერიაში ირწმუნებიან, რომ მინისტადიონისთვის შარშან „ბევრი რამ გაკეთდა“ და ახლა კიდევ მეტი გაკეთდება – შარშან დაპირებული საბავშვო მოედანი და სკამები და ერთი-ორი ადამიანის პრეტენზია არასწორია.
ის, რომ სოფელ ზინობიანში შარშანდელის მსგავსად წელსაც მინისტადიონის მოწყობა იგეგმება, მოსახლეობამ სამშაბათს სოფლის კრებაზე გაიგო. ადგილობრივების თქმით, მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოფლისთვის გამოყოფილი 12 000 ლარი მინი-სტადიონისა და იქვე საბავშო სკვერის მოწყობაში დაიხარჯება.
როგორც droa.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი, ანა პაჭიკაშვილი ამბობს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2 წელია სოფელ ზინობიანისთვის 12 000 ლარი გამოიყოფა. წინა წელს სოფლის კრებაზე მოსახლეობასთან შეთანხმებით მერიამ გადაწყვიტა, რომ სკოლასთან ახლოს დიდ მინდორზე გაკეთდებოდა მინი სტადიონი და საბავშვო სკვერი, თუმცა, 12 000 ლარი დაიხარჯა, მაგრამ არც სკვერი გაკეთებულა და არც – სტადიონი.
„ერთი სკამიც კი არ დაუდგამთ, არა თუ საბავშვო მოედანი მოეწყოთ. მხოლოდ ბალახი გათიბეს და ღობე, რომელიც ისედაც იყო, შეღებეს. როცა ვიკითხეთ, რატომ არ გაკეთდა, გვიპასუხეს, რომ თანხა საკმარისი არ იყო და დღგ-ეს ჩათვლამ ძალიან ბევრი წაიღო. სოფელში ყველა დარწმუნებულია, რომ წელსაც იგივე განმეორდება. სოფლის კრება სამშაბათს ჩატარდა და მინდოდა დავსწრებოდი. დაანონსებული იყო, რომ კრება 16 საათზე ტარდებოდა, სადაც პროექტებზე იმსჯელებდნენ, თუმცა, 16 საათზე მივედი და კრება დასრულებული იყო. უკვე იშლებოდნენ. ნახევარი საათით ადრე ჩაატარეს და ვინც დაესწრო, მათ მითხრეს, რომ ყვარლის მერიამ ისევ მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობა გადაწყვიტა. როგორც წესი, კრებაზე მოსახლეობას არავინ არაფერს ეკითხება, მერია თვითონ ამბობს, ეს ფული გვაქვს და ეს მხოლოდ ამ ერთ პროექტს ეყოფა. ამიტომ არც არავინ ეწინააღმდეგება, თუმცა, არც არავის აქვს იმედი, რომ სკვერი გაკეთდება. თუკი შარშან 12 000 ლარი მხოლოდ გათიბვას ეყო და საბავშვო მოედნის მოსაწყობად თანხა არ დარჩათ, იმავე ლოგიკით, წელსაც არ ეყოფათ,“- ამბობს პაჭიკაშვილი.
ანა პაჭიკაშვილის თქმით, შარშან ტყუილად დაიხარჯა ფული და ეს ხდება იმ დროს, როცა სოფელს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს – წყალი მხოლოდ გრაფიკით მიეწოდებათ, არ აქვთ გზა და ამბულატორია.
„სკვერი მართლა რომ გაკეთდეს, ძალიან კარგი იქნება. სკოლის წინ არის ეს მინდორი, საბავშვო ბაღიც ახლოსაა, მაგრამ არავის სჯერა, რომ გააკეთებენ. ფაქტი ისაა, რომ გასულ წელსაც იყო პარკის პროექტი და არ გააკეთეს და ახლაც, ძროხები არიან შიგნით შესულები და ბალახობენ. სკვერის გაკეთება ცუდი კი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის აზრით, სოფელში წინა პლანზე სხვა პრობლემებია. თუნდაც ის, რომ გზა არ არის, რომ ზამთარში ბავშვი უსაფრთხოდ წაიყვანო და წამოიყვანო. ყვარლის მერის წარმომადგენელი უზარმაზარი ჯიპით დადის და პრობლემა არ აქვს, მოსახლეობას კი წვიმაში გადაადგილება ძალიან უჭირს, ყველგან ტალახი და დიდი ორმოებია. წყალი გრაფიკით მოდის და ახლა უკვე 3 კვირაა ესეც გაფუჭებულია. არც ამბულატორია გვაქვს, მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სერვისის მისაღებად და სოფლის ექიმთან მოსახვედრად მესამე სოფელში უწევს წასვლა. ასევე, ბავშვები სკოლასა და ბაღში ისევ შეშის ფეჩით თბებიან. სოფელში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები არ გვაქვს. გარეგანათებები დააყენეს რამდენიმე ადგილას და ნახევარი უკვე გადამწვარია. სოფელში ამდენი პრობლემაა და ამ ფონზე გადაწყვიტეს, რომ მეორე წელსაც იმ სტადიონსა და სკვერში უნდა გადაიხადონ ფული, რომელიც ვიცით, რომ არ გაკეთდება. შარშანდელის მსგავსად წელსაც დღგ-ს მოიშველიებენ,“- ამბობს ადგილობრივი ანა პაჭიკაშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი წლებია გზის შეკეთებას ითხოვს, დაპირებაც კი არ არის, რომ გააკეთებენ.
„დაპირებაც არ არის, რომ მაგალითად გზას გაგვიკეთებენ 2020 ან 2021 წელს. გზების მოხრეშვას ვითხოვთ, რაც რთული არ არის და მუნიციპალიტეტს საკუთარი ხარჯებითაც შეუძლია. მაგალითად, მოსახრეში მასალა მდინარე დურუჯის ნაპირასაა, ჩვენი სოფლიდან 9 კმ-ში, ასევე გრეიდერი ჰყავს მუნიციპალიტეტს და არსებობს რესურსი, რათა ღრმულები მაინც ამოავსონ, რომ ჩავარდნის არ შეგვეშინდეს. შარშან სოფელში არაფერი გაკეთებულა. თვეში ერთხელ მერის კარებთან ვიდექი და ერთადერთი რაც გააკეთეს ის იყო, რომ ჩემი სამწლიანი აქტიურობის შედეგად, მხოლოდ ჩემს უბანში, 7 განათების ბოძი დადგეს, რომელიც უკვე გადამწვარია. სულ ეს იყო. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობა წელიწადში 2-ჯერ ვაგროვებთ ხელმოწერებს და მერიას მივმართავთ, გზა გააკეთოს, რეაგირება არ ჩანს,“ – ამბობს პაჭიკაშვილი.
ყვარლის მერიაში სოფლის მოსახლეობის ნაწილის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს არ იზიარებენ.
ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა droa.ge-ს სატელეფონო ზარებზე არ უპასუხა. მერის მოადგილე გივი ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რა კეთდება, ამაზე ინფორმაცია არ აქვს და კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ამ პროცესში ჩართული არ ვარ და არანაირი პასუხი არ მაქვს,“- განაცხადა ზაუტაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჭიკაანსა და ზინობიანში ემილი ხვედელიძე კი აცხადებს, რომ ჭიკაანსა და ზინობიანში ბევრი რამ კეთდება და ერთი-ორი ადამიანის პრეტენზია ყურადსაღები არ არის.
„შარშან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ზინობიანისთვის რა თანხა გამოიყო, არ მახსოვს. წელს გამოყოფილია 12 000 ლარი. შარშან მოეწყო სტადიონი. იმ ადგილას ტყე იყო, ის გასუფთავდა, მოწესრიგდა, კარები გაკეთდა, ბადეები გაიბა, ღობე დანგრეული იყო და აღდგა, შეკეთდა, შეიღება და განათებაც გაკეთდა. რა თანხაც იყო გამოყოფილი, იმ თანხაში რაც ჩაეტია, გაკეთდა. ვის რა პრეტენზია აქვს, არ ვიცი. ჩამობრძანდით და იხილეთ.
წელს მოსახლეობამ ორი საკითხი დააყენა – ერთია სპორტდარბაზის მოწყობა ძველი კულტურის სახლის შენობაში და მეორეა – მინი სტადიონი საბავშვო სკვერით, სადაც სტადიონს რაღაცები უნდა დაემატოს, ატრაქციონები დავდგათ, სკვერი გაკეთდეს და სკამები დაიდგას. ამ ორიდან პროექტიდან ერთ-ერთი უნდა გაკეთდეს და ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელი. ხვალ, (ხუთშაბათს) უკვე გვეცოდინება სოფელმა რომელი აირჩია,“- აცხადებს ემილი ხვედელიძე.
მიუხედავდ იმისა, რომ ფოტოებიდანაც ჩანს, სტადიონზე დიდი არაფერი გაკეთებულა, მერის წარმომადგენლის განცხადებით, არასწორია იმის თქმა, რომ შარშან მხოლოდ ბალახი გაითიბა და არაფერი გაკეთებულა.
„100 კაცში რომ ერთი იტყვის, არაფერი გაკეთებულაო, მის ლაპარაკს მნიშვნელობა არ აქვს. ერთის ნათქვამს რატომ უნდა დავეყრდნოთ?!“- მოსახლეობის პრეტენზიას ასე პასუხობს მერის წარმომადგენელი.
ყვარლის მერის წარმომადგენელი ასევე არასწორს უწოდებს პრეტენზიას, რომ სოფელში გზაზე დიდი ორმოებია და გზები წლებია არავის მოუხრეშავს.
„სოფლის გზები გასულ წელს მოვხრეშეთ და მოვასწორეთ. შიდა გზები გაკეთებულია. შეიძლება სადღაც გარეთ იყოს მოსაწესრიგებელი, მაგრამ ისიც გაკეთდა.
მანქანით გავდივარ-გამოვდივარ, გზებზე პრობლემები არ არის და იმის ლაპარაკი როგორ შეიძლება, რომ ორმოებია და ბავშვები სკოლაში ვერ დადიან?! სოფელში სადღაც ხანდახან გუბე ჩადგება, ეს ყველგან ხდება, განა მარტო ზინობიანში. ასე უცებ ყველაფერი როგორ გაკეთდება?!
ახლა ჭიკაანში იწყება მოასფალტება. ალბათ, მოასფალტება აქაც იქნება. ასე ერთბაშად ხომ ვერ აშენდება სოფელი?! რაც შეეხება წყალს, გრაფიკითაა, იმიტომ რომ, ძალიან დიდი მატორები დგას, ბევრს წვავს და ის რომ 24 საათი ჩართული იყოს, ვერ გადაიხდიან. ბევრი რამ კეთდება და კიდევ გაკეთდება. ზოგს ოქროს კოშკები რომ დაუდგა, მაინც აწუხებს რაღაცები ,“- პრეტენზიებს ასე პასუხობს ყვარლის მერის წარმომადგენელი ემილი ხვედელიძე.