ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო გზა, რომელსაც მაცხოვრებლები ფეხით სავალადაც იყენებენ, რამდენიმე თვეა დაზიანებულია. ადგილობრივების თქმით, გზის ამორტიზება წყლის სისტემის, სკოლის და კერძო სახლის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მზია ლეკიშვილი, რომელიც მაჭარაშვილის 2ა–ში ცხოვრობს გვიყვება, რომ სავალი გზა, მის საცხოვრებელ სახლთან ერთად მას შემდეგ დაზიანდა, რაც აქ მძიმეწონიანმა სატვირთო მანქანებმა დაიწყეს სიარული.
„ეს ზაფხულში, მშენებლობისას დააზიანეს. დიდი მანქანები დადიან. მაგათ რომ სახლი გამიბზარეს, ჩემი სიძე ჩამოვიყვანე თბილისიდან, სკოლის ინჟინერიც მოვიყვანე (შეკეთებაში დასახმარებლად). შემეშინდა და სულ სალტეები შემოვარტყი სახლს, რომ არ დამენგრეს. გარაჟი და ბოსელიც ესეა. მიწაც დაიწია. ჩემი ხელით გავლესე ზოგან. სადაც კაკლის ფოთლებია, მე და ჩემმა მეზობელმა ჩავყარეთ ორმოებში, რომ გაგვესწორებინა. მეზობელი რუსეთში ცხოვრობს, შეიძინა მეზობლის სახლი. ტრაქტორები და მანქანები მოჰყავდა (მშენებლობისას)“, – ამბობს იგი.
მისივე თქმით, დაზიანებული გზის შესახებ მან ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა გზის პრობლემა კვლავ დგას მაჭარაშვილის ქუჩაზე.
„ალიოშას (ელიოზ ბარბლიშვილს, ყოფილ დეპუტატს) ვუთხარი ადრე, გზები დააგეთ მეთქი და დაგიგებენო. მერისაც ვესაუბრე (მერი ხაბეიშვილი, ვალის ამჟამინდელი დეპუტატი). არაფერი არ უთქვამს, ხმა არ ამოუღია. სანამ არჩევნები დამთავრდებოდა კიო, ნუ გეშინია, გაკეთდებაო. ამ ქუჩაზე მხოლოდ მე ვცხოვრობ, სხვები სულ რუსეთში არიან წასულები. ვინ ამოიღებს ხმას? თუ დამეხმარება მერია, კარგი იქნება. მელიქიძე ზაზას დავურეკე ადრე და მოაწესრიგეს, მაგრამ მერე იმხელა მანქანები დადიოდნენ, რომ ისევ გაფუჭდა. გააკეთებენ თუ არ გააკეთებენ– ღმერთმა უწყის. სულ ხომ არ ვიჩხუბებ ხომ? ასჯერ ვუთხარი. ცუდი ქალი გამოვდივარ მერე“, – აცხადებს მზია ლეკიშვილი.
დაზიანებული გზის და ადგილზე მიმდინარე კერძო მშენებლობის გამო შემოვლითი გზით სარგებლობა უწევთ სკოლის მოსწავლეებსაც: „შორიდან დავდივართ ხოლმე. აქედან რომ ხუთ წუთში ჩავდივართ სკოლაში, იქიდან 20 წუთი გვჭირდება“, – ამბობენ ისინი.
მზია ლეკიშვილი გზის გაფუჭებაში, ძირითადად, კერძო პირს ადანაშაულებს. ადგილზე მიმდინარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მომუშავე პირის თქმით, გზის დაზიანება მათი ბრალი არაა.
„ამ სახლის იქით გზა კარგია? ყველამ კარგად იცის, როგორც გაფუჭდა ეს გზა და ვინ გააფუჭა. სად იყო გზა, ახლა რომ გაფუჭდა? ამ კაცს (ლოვიკ აკოფოვს, სახლის მესაკუთრეს) გაკეთების (შენების) მეტი არაფერი გაუკეთებია“, – ამბობს ის.
ლოვიკ აკოფოვი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელ სახლში სამუშოებს მისივე ოჯახის ახლობლები კურირებენ. ერთ–ერთი მათგანის თქმით, აკოფოვი, მზია ლეკიშვილის მოთხოვნებს, გზის და მისი სახლის დაზიანების შესახებ იცნობს და საქართველოში დაბრუნებისას მის დახმარებას არ გამორიცხავს.
„ბიძაჩემმა (ლოვიკ აკოფოვმა) იცის და მან თქვა რომ მივხედავო (გზას). ჩამოვა და თვითონ გადაწყვეტს. თვითონ ადამიანურად თქვა, რომ მეზობელია და დავეხმარებიო, თორემ ჩვენი გაფუჭებული არ არის ეს გზა. მანდ ჩვენზე მეტი, სკოლის რემონტი მიდიოდა“, – გვიყვება იგი.
ოჯახის ახლობელი, კიდევ ერთი ადგილობრივი, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ვალდებულება არ ჰქონიათ, კერძო სახლის მშენებლობისას გზა არაერთხელ მოასწორეს და მზია ლეკიშვილს სამშენებლო მასალებითაც დაეხმარნენ. იგი გზის დაზიანების მიზეზად სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს ასახელებს.
ვალის დეპუტატის, მერი ხაბეიშვილის განცხადებით, მაჭარაშვილის ქუჩაზე დაზიანებული გზის შესახებ ინფორმაცია აქვს. იმის გამო, რომ ამავე ქუჩაზე მდებარე მესამე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, აქ სატვირთო ავტომობილები მოძრაობენ. ინფორმაციას ფლობს ამავე ქუჩაზე, ღიად მომდინარე კანალიზაციის წყალზეც, რაც მისი თქმით, წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოებისას შესაძლოა დაზიანებულიყო.
„ვალეში წყლის ახალი სისტემა გაკეთდა და ამასთან დაკავშირებით გადაითხარა მთელი რიგი ქუჩები და მათი რეაბილიტაცია პერიოდულად ხდება. მზია ლეკიშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მდებარეობს მესამე საჯარო სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ძირითადად ამის გამოა (გზა) ამ მდგომარეობაში. თანაც მიმდინარე პროცესია რეაბილიტაციის და ჯერ არ დასრულებულა. მეტნაკლებად ხდება ანაფრეზის და ხრეშს შეტანა და მოყრა. ამ ეტაპზე ასეა. კანალიზაციაზე რამდენჯერმე დაისვა ჩემამდეც ეს საკითხი და ყველა საქმის კურსშია და სუყველაფერი უნდა შეკეთდეს. წყალგაყვანილობის ერთი საქმის გაკეთებამ სხვა ბევრი რამ გააფუჭა. საკითხი დასმულია და აუცილებლად უნდა შეკეთდეს. ასე დატოვება არ შეიძლება“, – აცხადებს ის.
დეპუტატის თქმით, ახალი მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი ჯერ არ დაუმტკიცებია და მოხდება თუ არა აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია მომავალ წელს, ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა დროებით ღონისძიებად შესაძლებელია, რომ სხვა გზების რეაბილიტაციისას აღებული ანაფრეზის მობნევა მოხდეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ საკითხით დაინტერესდებიან.
„ქალაქ ვალეში მაჭარაშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვექნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან, რაც შეეხება შიდა გზების მოწესრიგებას აღნიშნული საკითხი მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეტაპობრივად განხორციელდება. ვეცდებით, რომ გზა წელს მოწესრიგდეს“.
ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე საავტომობილო და საფეხმავლო დაზიანებულ გზაზე ადგილობრივი მოსახლეობა მრავალი თვეა საუბრობს.