აუდიტი: 15,2 მილიონია დახარჯული ხარაგაულის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელთა დიდი ნაწილი უხარისხოა, ნაწილი კი დაუსრულებელია

859

წინა სტატია

2017-2018 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, გააფორმა 56 ხელშეკრულება, 6 ჯამური ღირებულებით − 15,254.9 ათასი ლარი ლარი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის პროცესი განხორციელდა ხარვეზებით, კერძოდ, ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა დაგვიანებით ან საერთოდ არ დასრულებულა. ამასთანავე, ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობა 2018 წელს მნიშვნელოვნად არის გაუარესებული 2017 წელთან შედარებით, – ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში წერია, რომ აუდიტის ჯგუფმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა 2017-2018 წლებში მოწყობილი პროექტები. გამოვლინდა, რომ 5,2 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ და აღენიშნებოდა დაზიანებები.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ პრობლემებია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას. მაგალითად,  2018 წლის 13 აპრილს, მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ამხანაგობა „ნიუ გრუფთან/NEW GROUP“, სოფელ უბისაში ბეტონის გზის მოწყობისათვის. 2019 წლის 25 თებერვალს მერიამ ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები ღირებულებით − 112 300 ლარი.  2019 წლის 11 ივლისს, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული ობიექტი და გამოვლინდა, რომ გზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია, მათ შორის, გარკვეულ მონაკვეთზე საერთოდ არ შეინიშნება ბეტონის საფარი.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გზა დაზიანდა 2019 წლის მარტში. აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის გზატკეცილის უბისა-შორაპნის (F3) მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები. ახლადმოწყობილი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი მოექცა სამშენებლო არეალში და ტერიტორიის მოსწორების დროს დაიფარა მიწით, ასევე მასზე უნდა მოეწყოს მაგისტრალის ხიდის ბურჯები. დარჩენილი გზის გარკვეული მონაკვეთები დაზიანებულია მძიმე ტექნიკის გადაადგილების შედეგად.

საკითხის შესწავლით გამოვლინდა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილით მერიას 2018 წლის 31 ოქტომბერს ეთხოვა პროექტის შეთანხმება, რაც იმავე წლის 8 ნოემბერს, განხორციელდა მერის ბრძანების საფუძველზე. სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“  სამუშაოთა წარმოების ჟურნალების ჩანაწერების შესწავლით გაირკვა, რომ ამ დროისთვის ობიექტზე შეტანილი იყო 300 კუბ.მ ქვიშა-ხრეში და დაგებული იყო მხოლოდ 7 კუბ.მ ბეტონი. სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარდა 2018 წლის 8 ნოემბრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მერიისთვის ცნობილი იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის მშენებლობის შესახებ.

სამუშაოების მიწოდების ვადების ზრდა

ასევე პრობლემაა მიწოდების ვადების ზრდა დაუსაბუთებლად. აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ განხორცილებული 56 შესყიდვიდან შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები გაზრდილია 33 შემთხვევაში, მათ შორის დაუსაბუთებლად 19 შემთხვევაში. მათგან 15 − ვერც გაზრდილ ვადაში დასრულდა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ვადების ცვლილების მიზეზად ძირთადად დასახელებულია სახარჯთაღრიცხვო ცვლილებები, არახელსაყრელი კლიმატური პირობები და ცუდი რელიეფი.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ვადის გადაწევის საჭიროება ცალკეული ხელშეკრულებისათვის. შედეგად გამოვლინდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში მიწოდების ვადების ზრდა სათანადოდ არ არის არგუმენტირებული. მაგალითად:

  • 2017 წლის 16 ივნისს, მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „მიმდემს“, სოფელ ვახანში ბეტონის გზის მშენებლობისათვის, ღირებულებით 460 ათასი ლარი. სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 14 ოქტომბერი. ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდების ვადა გაიზარდა 2-ჯერ და საბოლოოდ განისაზღვრა 2017 წლის 20 დეკემბერი. პირველად, მიწოდების ვადა გაიზარდა 47 დღით და მიზეზად მოყვანილია რთული რელიეფი. მეორედ მიწოდების ვადა გაიზარდა 20 დღით. ვადის გადაწევა არცერთ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული.
  • 2018 წლის პირველ მაისს, მერიამ გააფორმა ხელშეკრულება ამხანაგობა „ნიუ გრუფთან/NEW GROUP“, სოფელ დეისის გზის რეაბილიტაციისათვის, ღირებულებით 531 900 ლარი. მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 27 ოქტომბერი. ხელშეკრულებაში ვადის ზრდისთვის ცვლილება შევიდა 2-ჯერ და საბოლოო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 დეკემბერი. პირველად მიწოდების ვადა გაიზარდა უამინდობის მოტივით, 32 კალენდარული დღით, 2018 წლის 28 ნოემბრამდე. 26 ნოემბერს მიმწოდებელმა კვლავ მიმართა მუნიციპალიტეტს ვადის გადაწევის მოთხოვნით, რადგან გზის სიგანე ყველგან 4 მეტრი არ გამოდიოდა, 15 ეკონომიით და გაუთვალისწინებელი ხარჯებით გადაწყდა დამატებითი გზის მოწყობა, რის გამოც ვადა გადაიწია ერთი თვით – 2018 წლის 30 დეკემბრამდე. მიმწოდებელმა ვერც ახალ ვადაში დაასრულა სამუშაოები და ხელშეკრულება შეწყდა მიწოდების ვადის გასვლიდან 8 თვის შემდეგ – 2019 წლის სექტემბერში აუდიტის მიმდინარეობის დროს.

თუკი მუნიციპალიტეტი აღნიშნული 19 ხელშეკრულების ფარგლებში ვადებს არ გადასწევდა დაუსაბუთებელი და არაობიექტური მიზეზებით, მიმწოდებლებისათვის დარიცხული საჯარიმო თანხა ვადების დარღვევისათვის იქნებოდა 259.1 ათასი ლარი.

ხელშეკრულების შეწყვეტა

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ხელშეკრულების შესრულება ხარვეზებით ხდება და მერია არ ახორციელებდა სათანადო რეაგირებას მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, პირიქით, დაუსაბუთებლად ზრდიდა მიწოდების და ხელშეკრულების მოქმედების ვადებს.

ამასთან, მერიას შეეძლო შეეწყვიტა 44 ხელშეკრულებადა მიმწოდებელი დაეჯარიმებინა, თუმცა, 44-დან შეწყვიტა და მიმწოდებლები დააჯარიმა მხოლოდ 10 ხელშეკრულების ფარგლებში. თანაც, ათივე ხელშეკრულება შეწყდა 5-დან – 20-მდე თვის დაგვიანებით. მათ შორის შვიდ შემთხვევაში მერიამ გაავრცელა საჯარიმო სანქციები 548 300 ლარის ოდენობით, რაც მიმწოდებლებმა არ გადაიხადეს. მერიამ დროულად არ გაატარა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები თანხების ამოსაღებად და მხოლოდ აუდიტის მიმდინარეობის დროს დაიწყო მუშაობა სასამართლოსთვის მიმართვის მიზნით.

ხარვეზებით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები

აუდიტის ჯგუფმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის 9-11 ივლისს დაათვალიერა მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად გამოვლინდა, რომ 23 ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილი 5,2 მილიონი ლარის ღირებულების შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაზიანებულია და აღენიშნება ხარვეზები, მაგალითად:

  • 2018 წელს მუნიციპალიტეტმა შპს „საპოვნელასგან“ შეისყიდა სოფელ ბორში გზის რეაბილიტაციის სამუშაო, ღირებულებით 353.8 ათასი ლარი. დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ მოწყობილი ბეტონის გზა დაზიანებულია და აღენიშნება გრძივი ბზარები.
  • 2017 წელს მუნიციპალიტეტმა შპს „მიმდემისგან“ შეისყიდა სოფელ ლახუნდარაში გზის რეაბილიტაციის სამუშაო, ღირებულებით 300.1 ათასი ლარი. დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ მოწყობილი ბეტონის გზა დაზიანებულია, აღენიშნება გრძივი და განივი ბზარები. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მათთვის გზის დაზიანების შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის ზაფხულში, მერიამ წერილობით მიმართა შპს-ს დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით. შპს-მ ნაწილობრივ გამოასწორა ხარვეზები. მერიამ კიდევ ერთხელ მიმართა მიმწოდებელს ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით.

გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა, დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 21 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დაზიანებულია და ხარვეზები აღენიშნება 4,5 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კერძოდ, მოწყობილი გზის საფარი დაბზარულია, შეინიშნება გრძივი და განივი ბზარები, ზედაპირი უსწორმასწორო და ტალღოვანია, გზა გარკვეულ მონაკვეთებზე დამტვრეულია და სხვ.

აუდიტის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მერიას დადგენილი არ ჰქონდა ხარვეზების ზუსტი მიზეზები. მხოლოდ 8 ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილ ობიექტებთან დაკავშირებით მიმართა მერიამ მიმწოდებელს ხარვეზების გამოსასწორებლად, თუმცა ხარვეზები აღმოფხვრილი არ არის ან/და წარმოქმნილია ახალი ბზარები, რაც ასევე მიუთითებს სამუშაოთა უხარისხობაზე. 15 შემთხვევაში საგარანტიო ვადის განმავლობაში მერიამ არ მიმართა მიმწოდებელს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით.

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტში მოწყობილი გზები დაზიანებულია და მოწყობილია უხარისხოდ. შესყიდვის პროცესში მერიამ ვერ უზრუნველყო სამუშაოების იმგვარად წარმართვა, რაც ხელს შეუწყობდა ობიექტების ხარისხიანად შესრულებას და მათ შემდგომ, ხარვეზების გარეშე ფუნქციონირებას. ასევე სათანადოდ არ არის განხორციელებული შემდგომი რეაგირება ხარვეზების გამოსასწორებლად. შესაბამისად, სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარებისა და მოვლა-პატრონობის ეტაპზე არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია დაზიანებული გზის საფარის არსებობა და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა.