ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სასმელად უვარგის, ტექნიკურ წყალს აწვდის, – ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება შეფერხებით ხდება და “დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო, სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით”.
აუდიტის სამსახურის დასკვნით, პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია.
დოკუმენტში წერია, რომ მუნიციპალიტეტის ერთ დაბასა და 76 სოფელში ცხოვრობს 10 097 ოჯახი, მათ შორის, წყლის სისტემის მეშვეობით წყალი 5 336 ოჯახს მიეწოდება მუდმივად, ხოლო 3 895 ოჯახს – შეფერხებებით. დანარჩენი 866 ოჯახი სარგებლობს ჭებითა და წყაროებით.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაბა ხარაგაულში, სოფლებში: დიდვაკესა და საღანძილეში 1165 ოჯახის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. დაბა ხარაგაულის ნაწილს – 75 ოჯახს, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ემსახურება ა(ა)იპ – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, არსებული წყლის სისტემები მოვლა-პატრონობისთვის რომელიმე ორგანიზაციაზე გადაცემული არ არის.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში (გარდა დაბა ხარაგაულის, ასევე სოფელ დიდვაკის და საღანძილის რამდენიმე ოჯახისა) წყლის გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, მოსახლეობას მიეწოდება გაუფილტრავი წყალი.
მერიას სოფლებში, გარდა საბავშვო ბაღებისა, ჩატარებული არ აქვს წყლის ხარისხის შესახებ ლაბორატორიული კვლევა. რაც შეეხება საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ წყალს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებით შეუსაბამობები გამოვლინდა დაბა ხარაგაულის №1 და №2 და სოფელ ხევის საბავშვო ბაღებში.
წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017-2019 წლებში მუნიციპალიტეტში ჩატარდა სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგი. შედეგების მიხედვით, 2017 წელს აღებული ხუთი სინჯიდან, დარღვევა გამოვლინდა სამ სოფელში, 2018 წელს – ორ სოფელში, 2019 წელს – სამ სოფელში, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოვლინდა ისეთი მიკრობიოლოგიური ორგანიზმები, რომელთა სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია.
სააგენტომ მუნიციპალიტეტს მისცა რეკომენდაცია, სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ღონისძიებების გატარებისთვის. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ წარადგინეს დოკუმენტაცია გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ.
„მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით. პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.