აუდიტი: 2017-2018 წლებში ასპინძაში ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტი უხარისხოდ შესრულდა

744

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ასპინძის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ 6 ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილი გზის საფარი დაზიანებულია და გააჩნია ხარვეზები, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

“2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა ორი ხელშეკრულების ფარგლებში  სოფელ ოთის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ჯამური ღირებულებით − 1,199.5 ათასი ლარი. შემსყიდველმა ორგანიზაციამ ექსპერტების მიერ გაცემული დადებითი დასკვნების საფუძველზე ჩაიბარა მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტი.

ობიექტის ჩაბარების პროცესში ჩართული იყო აგრეთვე მუნიციპალიტეტის ინსპექტირების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელმაც დაადასტურა შესრულებული სამუშაოს მოცულობები ფორმა ორით განსაზღვრულ პარამეტრებთან. მუნიციპალიტეტმა ორივე ხელშეკრულებისათვის აანაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის ცნობით, 2019 წლის პირველ ოქტომბერს აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა აღნიშნული პროექტები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გზის ბეტონის საფარი მთლიან სიგრძეზე დაზიანებულია და შეინიშნება განივი და გრძივი ბზარები. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, საგარანტიო პერიოდის ბოლოს შეამოწმეს 2017 წელს მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტი და 2018 წლის ნოემბერში წერილობით მიმართეს მიმწოდებელს, გამოესწორებინა გზის ბეტონის საფარზე წარმოქმნილი დაზიანებები. მიუხედავად ამისა, შემსრულებელმა მხოლოდ რამდენიმე მოკლე მონაკვეთზე უზრუნველყო ახალი ბეტონის საფარის მოწყობა. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ივლისში ისევ მოითხოვა მიმწოდებლისაგან გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.

“მიუხედავად ამისა, აუდიტის ჯგუფის მიერ ობიექტის დათვალიერების მომენტში ხარვეზები სრულად გამოსწორებული არ იყო. მუნიციპალიტეტს მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია დამატებითი სამართლებრივი ღონისძიებები არსებული დაზიანებების გამოსწორების მიზნით”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა, ასევე, დაზიანებულია და უხარისხოდ არის მოწყობილი 4 ხელშეკრულების ფარგლებში დაგებული გზის საფარი, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში №2.

 

“ამდენად, მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ 6 ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილი გზის საფარი დაზიანებულია და გააჩნია ხარვეზები. მუნიციპალიტეტი პროექტებს იბარებდა სხვადასხვა საექსპერტო ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე (შპს ,,რუსკა-2000“, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინი”, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ შპს „ქრიზოლითი +“)”, – წერია აუდიტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამასთანავე, აუდიტის ცნობით, ბეტონის გზების ჩაბარებისას ტარდებოდა ბეტონის ლაბორატორიული კვლევა, მისი ხარისხის დასადასტურებლად. ასევე, სამუშაოებს ამოწმებდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი ინსპექტირების ჯგუფი. თუმცა მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღების თავიდან აცილება.

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, მერიის შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან რეგულარულად ჩაატარონ მონიტორინგი შესრულებულ ობიექტებზე და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში გამოიკვლიონ გამომწვევი მიზეზები. თუ დაზიანება გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით მერიამ მიმწოდებელს უნდა გამოასწორებინოს დაზიანებები.

“შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მერია მხოლოდ საგარანტიო ვადის გასვლის ბოლოს ახორციელებს ინფრასტრუქტურული ობიექტის მდგომარეობის შემოწმებას. მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული ზემოაღნიშნული მიდგომა ვერ უზრუნველყოფს მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამართულ ფუნქციონირებასა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში მათ დროულად აღმოფხვრას. აღნიშნული ექვსი ხელშეკრულებიდან მერიას მხოლოდ ორ მათგანზე ჰქონდა გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნა დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით. თუმცა, ხარვეზები აღმოფხვრილი არ იყო.

ხიდის რეაბილიტაცია

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს მუნიციპალიტეტმა შპს „ქრისტინე სარაშვილი – ტატო“-სგან შეისყიდა „აბანოების ხიდის“ რეაბილიტაციის სამუშაოები, ჯამური ღირებულებით − 15.4 ათასი ლარი. აღნიშნული სამანქანე ხიდი არის მდინარის ბაგირზე დაკიდებული ხის კონსტრუქცია და რეაბილიტაციის შედეგად, შეიცვალა მის სავალ ნაწილზე არსებული ხის ფიცრები. ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 52.5 მეტრია, შესაბამისად, ხიდის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაზე ჩატარებულია საექსპერტო გამოკვლევა. ასევე, ექსპერტიზის დადებითი დასკვნა არის წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ჩაბარების ეტაპზეც. სამუშაოები ჩაბარებული აქვს მუნიციპალიტეტის ინსპექტირების მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები, დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ხიდზე დაგებული ხის ფიცრები ჩატეხილია, მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველია და ხიდი არ ფუნქციონირებს.

“პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოიწვია ხიდზე მძიმე ტექნიკის მოძრაობამ. მისივე განმარტებით, ხიდზე მძიმე ტექნიკის მოძრაობა არ შეიძლებოდა. აღნიშნული გარემოება მუნიციპალიტეტს უნდა გაეთვალისწინებინა დაგეგმვის ეტაპზე. კერძოდ, თუ ხიდი გამოიყენებოდა მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად სამუშაოები უნდა დაეგეგმა და განეხორციელებია იმგვარად რომ მძიმე ტექნიკის მოძრაობას ხიდი არ დაეზიანებინა. ხოლო თუ ხიდზე დაუშვებელი იყო მძიმე ტექნიკის მოძრაობა, მუნიციპალიტეტს უნდა მოეწყო შესაბამისი ბარიერები და შემზღუდავი ნიშნები”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

ანგარიშის მიხედვით, სამუშაოების არასწორი დაგეგმვის შედეგად ხიდი დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს. შესაბამისად მის რეაბილიტაციაზე 15.4 ათასი ლარი დახარჯულია არაეფექტიანად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ობიექტების ჩაბარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას. გარდა ამისა, სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარებისა და მოვლა-პატრონობის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული პროექტები და საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს ასინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, მოქმედი სტანდარტების დაცვით, სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები.

“ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები”, – წერია ადუტის რეკომენდაციაში.