ფრანგულ პარკში ხის პავილიონების მოსაწყობად ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

641

ზუგდიდის მერიამ ეთნოცენტრისთვის ხის პავილიონების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ათი პავილიონის განთავსებაზე ფრანგული პარკის ტერიტორიაზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 ათასი ლარია. სამუშაოები, ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა შესრულდეს.

ზუგდიდის მერიაში განაცხადეს, რომ მეწარმეებს კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ. თავდაპირველად მსურველებს სამოტივაციო წერილით მერიისთვის მიმართვა მოუწევთ და გასაუბრების შედეგად შეირჩევიან.

“ყველა პროცესი ამ კონკურსთან და შერჩევასთან დაკავშირებით, იქნება ღია და გამჭვირვალე”, – განმარტავენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

პავილიონები მერიასა და “გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში” შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დაიდგმება. აქ რეწვის ტრადიციულ ნიმუშებს ერთი წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას გამოფენენ. გრანტის მოცულობა 60 ათასი ლარია.

სამეწარმეო საქმინობის წახალისებასთან ერთად, მიზანი ტრადიციული რეწვის დარგის პოპულარიზება იქნება.