ნინოწმინდაში, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, რომლის რეაბილიტაციისთვის 424 820 ლარი დაიხარჯა, კედლები დაიბზარა. ხარვეზები აქვს გათბობის სისტემას, საპირფარეშო კი გაყინულია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
გორელოვკის N3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „კ-კომპანიმ“ 424 820 ლარად შეასრულა.
სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ რეაბილიტირებულ სკოლაში ბევრი ხარვეზი გამოჩნდა. 15 სექტემბერს სკოლაში სწავლის პარალელურად მიმდინარეობდა სამუშაოები.
„სკოლა მეორეხარისხოვნად გაკეთდა, ახლადგარემონტებულ სკოლას ბევრი ნაკლი აქვს, მაგალითად კედლებზე ბზარები გაჩნდა, ფანჯრებს რეზინები ძვრება და ჰაერი შემოდის, კარებების სახელურები გაფუჭდა“,-ამბობს გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი.
მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვები საპიფარეშოთი ვერ სარგებლობენ, რადგან წყალი გაიყინა: „ეს ტუალეტი იმ მხარეს ააშენეს, საიდანაც მზე არ უდგება“.
სკოლის დირექტორის ეკატერინე სუდაძის თქმით, სკოლაში არსებულ ხარვეზები სასწავლო პროცეს ხელს არ უშლის.
„გათბობის სისტემის პრობლემა გვქონდა, რადგან საქვაბე არ მუშაობდა კარგად. ახლა ეს ნაწილობრივ მოგვარდა, უბრალოდ საქვაბე ისეთ სითბოს ვერ გამოყოფს, როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება საპირფარეშოს, ნინოწმინდაში ისეთი კლიმატური პირობებია, რომ წყლის პრობლემა მთელს სოფელს აქვს“,-ამბობს სუდაძე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 2018 წელს გამოაცხადა. შპს „კ-კომპანისთან“ ხელშეკრულება გასული წლის პირველ მაისს გაფორმდა. კომპანიამ სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დაასრულა.
ხელშეკრულების მიხედვით შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამი წელს.
ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, სკოლაში არსებული ხარვეზები სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ გამოჩნდა. მისივე განმარტებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, კომპანია ხარვეზებს ზაფხულში გამოასწორებს.
„ობიექტის ჩაბარების დროს არ ყოფილა არანაირი ხარვეზი. ეგ იყო ძველი შენობა, რომელსაც ესაჭიროებოდა გარკვეული პერიოდი რომ შეგუებოდა მომხდარ ცვლილებას, და ამან გამოიწვია პატარა რაღაც ნაკლოვანებები.ეს გამოჩნდა უკვე სკოლის ფუნქციონირების შემდგომ. რა ხარვეზებიც, ერთი წლის განმავლობაში გამოვლინდება, შეასწორებს მშენებელი როგორც არის ხელშეკრულებაში პირობებში გათვალისწინებული“,-ამბობს მოსოიანი.
შპს „კ-კომპანის“ დირექტორი კობა ნადირაძე ამბობს, რომ სკოლაში გაჩენილ ხარვეზებს, მას შემდეგ გააკეთებენ, რაც სპეციალურად შექმნილი კომისია მათ ბრალეულობას დაადგენს.
„თუ დადგინდება, რომ ჩვენი ბრალი გავაკეთებთ, თუ არა და დავტოვებთ ეგრე“, – ამბობს ნადირაძე.