ტიკარაძე: ჰოსპიტლების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად მათი სიმძლავრე არათანაბარია

675

ჰოსპიტლების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად არათანაბარია მათი სიმძლავრე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრი მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს სამედიცინო დაწესებულებების გეორაფიულად არათანაბარ გადანაწილებას. მისი თქმით, დაწესებულებების ძირითადი ნაწილი თბილისშია განთავსებული, რაც ავტომატურად ზრდის სამედიცინო მიგრაციას დედაქალაქში.

„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მომსახურების მიწოდების უწყვეტობისთვის, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამ პრობლემატიკის მოგვარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის მთავარი კრიტერიუმებია დაწესებულებების გამართული ინფრასტრუქტურა, ხარისხის სტანდართან შესაბამისობა, პერსონალის ფარდობითი დეფიციტის დაფარვა და სხვა“,- აღნიშნა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რაც შეეხება გადაუდებელ დახმარებას, 2014 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა ძირეული რეფორმები სასწრაფო დახმარების სისტემური და ტექნიკური პირობების გაუმჯობესების მხრივ. მისივე თქმით, 2020 წლის 1 იანვრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.