ვინ დაიკავებს რუსთავის ვიცემერის პოზიციას და ვინ იქნება მერის კიდევ ერთი მოადგილე

1334

რუსთავის მერიაში საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი. რუსთავის მერის პირველი მოადგილის ვაკანტურ ადგილს მისი ამჟამინდელი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე დაიკავებს, ხოლო მერის კიდევ ერთ მოადგილედ ირმა მესხი დაინიშნება. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ ვიცე-მერის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თანამდებობა დავით კეკელიძემ 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რაც შეეხება ირმა მესხს, ის ჯერ კიდევ წინა მერის, დავით ჯიქიას დროს ა(ა)იპ “რუსთავის კორპუსი”-ს ხელმძღვანელი იყო და სწორედ ჯიქისთან დაპირისპირების შემდეგ, 2016 წლის ნოემბერში მას თანამდებობა დაატოვებინეს. მოგვიანებით კი, 2017 წლიდან, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, საარჩევნო შტაბში ერთერთი ხელმძღვანელი პირი იყო.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი “ინფო რუსთავთან” გააკეთა.  საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას ქალაქის მერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიცე-მერის პოზიციას ბესიკ ტოგონიძე დაიკავებს, ხოლო მერის ახალი მოადგილე ირმა მესხი იქნება.

“თქვენ იცით, რომ ვაკანტური თანამდებობა იყო იმის შემდეგ, რაც მერის პირველმა მოადგილემ განცხადება დაწერა. ამ ეტაპზე პირველ მოადგილედ ბესიკ ტოგონიძე დაინიშნა. ასევე ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას ირმა მესხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ირმა მესხი რუსთაველია და მივესალმები ამ საკითხს. სამივე მოადგილე რუსთაველი იქნება, როგორც მე, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ქალაქისთვის. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ირმა მესხის შერჩევა მოხდა მისი პროფესიული გამოცდილებიდან და განათლებიდან გამომდინარე. ჩვენ ეს შეთანხმება გვქონდა დიდი ხნის წინ, რომ ყველა კითხვაზე, რასაც დასვამდით საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, პასუხს მიიღებდით და არც გავურბივარ ამ კითხვებზე პასუხს, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.