ხელვაჩაურის მერი: უფლებამოსილებას გადავაჭარბე, ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყო

980

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აღიარებს, რომ 219 097 ლარის სამუშაოები  ნაპირგამაგრებისთვის უფლებამოსილების გადამეტებით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ მდინარე აჭარისწყალზე, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ, სამუშაოების წარმოებისთვის მითითება არავისგან მიუღია, ეს პირადად მისი გადაწყვეტილება იყო.

“მუნიციპალიტეტმა, პირადად მე ჩავთვალე, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები მუნიციპალიტეტში, ხელს შეუწყობდა ინვესტიციის მოზიდვას. ჩვენ  ინვესტიციებით არ ვართ განებივრებული. სრულდება კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ტურისტებს მოიზიდავს და ჩვენ შევძლებთ საზოგადოების დასაქმებას, სწორედ ამ მიზნით გაკეთდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. ამ შემთხვევაში, ვეთანხმები აუდიტის დასკვნას, რომ გადავაჭარბე უფლებამოსილებას. არავითარი დავალება და არავითარი მითითება არ მიმიღია. რესტორნის მესაკუთრე ვინ არის არ ვიცი. ჩემთვის სულერთია ვისია ეს ობიექტი, ჩემთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას  სამუშაო ადგილები და გაიხსნას ტურისტული ობიექტები… ფაქტიურად იქ გაკეთებულმა ფერდსამაგრმა სკრინინგი ჩაატარა.. აჩვენა რომ საჭირო იყო”,- განაცხადა ხელვაჩაურის მერმა “ნაციონალური მოძრაობის” საპასუხოდ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა, ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან თანხების უკანონო ხარჯვაზე და ბათუმის წყლის ყოფილი უფროსის თენგიზ ქოქოლაძის სასარგებლოდ კორუფციულ გარიგებაზე ბრიფინგი გამართა. საქმე ეხება მდინარე აჭარისწყალზე ერთ-ერთი მშენებარე რესტორნის მიმდებარედ ნაპირგამაგრებით სამუშაოებს, რომელზეც 219,097 ლარი დაიხარჯა.

რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ ობიექტი თენგიზ ქოქოლაძეს ეკუთვნის და შესაბამისად სამუშაოები სწორედ მას ან სამინისტროს უნდა ეწარმოებინა. ტერიტორია არის ბათუმი-ხულო-ახალციხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთი და იგი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა. ხარაზის განმარტებით, ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება სამინისტროს კომპეტენციაა რაც მიუთითებს იმაზე, რომ თანხების ხარჯვა მოხდა არამიზნობრივად.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ აღნიშნულზე საუბარია ასევე სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, სადაც წერია,რომ მუნიციპალიტეტისგან ვერ მიიღეს განმარტება სამუშაოების საჭიროებაზე და ასევე ისიც, რომ ნაპირგამაგრებითი სამუშაოების დაწყებამდე მერიას არ მიუმართავს გარემოს დაცვის სამინისტროსთვის,რაც კანონით სავალდებულოა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნაპირგამაგრებითი სამუშაოები და მოაჯირი ხელვაჩაურის მუნიციპალიტიტემა ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის დავალებით მოაწყო, რომელიც თენგიზ ქოქოლაძის ახლობელია.