ქობულეთის ტურისტულად დატვირთულ ზონაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

429

ქობულეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა, მოეწყო ზღვისპირა სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას და 2 კმ სიგრძის მონაკვეთზე ზღვისპირა პარკის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ქობულეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თბილისის, მეგობრობის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2019 წელს დაიწყო. შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, შეიცვალა ბორდიურები. საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და ფილები. აგრეთვე დასრულდა გელაურის უბნის კეთილმოწყობა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირველად განხორციელდა.

დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ და ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სანაპირო ზოლში მიმდინარე ზღვისპირა პარკის და სკვერის სამუშაოები დაათვალიერა.

“მიმდინარეობს ზღვისპირა პარკის მოწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 850 მეტრიანი მონაკვეთი. დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, პროექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის. ქობულეთის ტურისტულად დატვირთულ ზონაში განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო ზღვისპირა სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2019 წელს მოეწყო 4 სკვერი, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სტადიონს.