რამდენი უნდა ჰქონდეს ოჯახს ხელფასი “იაფ სახლში” ბინის მისაღებად – ბათუმის საკრებულო კრიტერიუმებს განიხილავს

1150

ბათუმის მერიამ ე.წ იაფი სახლის პროგრამის ფარგლებში გასანაწილებელი 40 ბინის შესახებ მონაცემები საკრებულოს გადაუგზავნა.  დეპუტატები აღნიშნულ საკითხს სხდომაზე დღეს განიხილავენ. საუბარია ბინების ფართობზე, გადახდის ვადებსა და პირობებზე. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“პროგრამის ხელმისაწვდომი საცხოვრისის ფარგლებში პირველი ეტაპის დასრულების (ამ განკარგულების ძალაში შესვლის დროისათვის არსებული 40 საცხოვრებელი ბინის გადანაწილების) შემდეგომ ახალი საცხოვრისის აშენებისა და პროგრამის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროგრამის პირველ ეტაპზე შედგენილს სარეიტინგო სიაში (აპლიკანტი ოჯახები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნის მინიმალურ კრიტერიუმებს). რეიტინგის მიხედვით, შეტანილი ოჯახების პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობა, ქულები გადაისინჯება, ხოლო ის ოჯახები, რომლებსაც გადასინჯვის შემდეგ დაუდგინდება კრიტერიუმებთან შესაბამისობა მინიჭებული რეიტინგის გათვალისწინებით დაკმაყოფილდებიან”- წერია განმარტებით ბარათში.

პროცედურულად, ცვლილებების დაზუსტებისა და დამტკიცების შემდეგ მერია ბენეფიციარებზე ბინების გაცემას დაიწყებს.

“ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და დახმარებას იღებენ,  ვერ მოხდებიან სიაში და ვერ მიიღებენ მონაწილეობას “იაფი სახლის” პროექტში, რადგან ეს სახლი არ არის განსაზღვრული უკიდურესად შეჭირვებულ ადამიანებზე.  თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს სახლი არის გაჭირვებული ადამიანებისთვის, რაც არასწორია. პროექტი განკუთვნილია საშუალო ფენისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქირით, მუშაობენ, არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ერთბაშად გადაიხადონ თანხა საცხოვრისის შესაძენად. ძირითადად ახალგაზრდა ოჯახებისთვის. ჩვენ ველოდებოდით მშენებლობის დასრულებას, ამის შემდეგ დავითვალეთ რა დაჯდა სახლის მშეენბლობა,  ხარჯი,  კვადრატულის ფასი, გაიწერა ფართობები და მინიმალური შენატანები, რაც ოჯახებმა 15 წლის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა გადაიხადონ. დღეს განისაზღვრება ოჯახს მინიმალური და მაქსიმალური ხელფასი რამდენი უნდა ჰქონდეს, რომ ბინა მიიღოს. აქ ორაზროვანი არაფერი იქნება, რადგან ყველაფერი გაწერილია”,- ამბობს საკრებულოს წევრი ზურაბ ნაკაიძე.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ბინების იაფად მიღების მსურველი ბევრად მეტია, თუმცა პროექტი გრძელდება და ისინი მომლოდინეთა რიგში ჩადგებიან.

“80-ზე მეტი იქნება ეს ვიცით, მაგრამ პროექტი გრძელდება, შენდება კიდევ 2 სახლი. ჩანაწერში არის, რომ კონკურსანტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, მაგრამ ვერ მოხდებიან 80 ბინაში, დარჩებიან სიაში რიგითობით. მორიგი სახლის დასრულების შემდეგ კი მათი კრიტერიუმების კიდევ ერთხელ გადახედვა მოხდებიან,”- განაცხადა საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძემ.