თურნავა: ინიციატივა „100 შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ბიუჯეტმა უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო

533

წინა სტატია

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა, რაც პირველმა ეტაპმა აჩვენა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინიციატივის ფარგლებში დაიწყო მასშტაბური პრივატიზების პროცესის ახალი ტალღა და სულ მცირე, 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი იმართება მუდმივად, სადაც ბიზნესს შეთავაზებული აქვს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონება, სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებით.

„ამ პროცესის პირველმა ეტაპმა გვაჩვენა, რომ საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა. ამის დასტურად გეტყვით, რომ უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი არის მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამიდან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი, რომ ჩვენ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ. რაც გვქონდა ჩადებული ბიუჯეტში პრივატიზებიდან, ამ პროგრამის ამოქმედების მომენტიდან, მოხერხდა, რომ ორჯერ გადაჭარბდა ეს მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, პრემიერმინისტრთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაფართოვოთ პროგრამა“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ ამ ახალი პროგრამის ფარგლებში 1800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზების 100 პროექტს შესთავაზებს.

ცნობისათვის, საპრივატიზებო ობიექტები ბიზნესს მთავრობამ 29 ნოემბერს შესთავაზა.  დღევანელი მონაცემებით, 38 ობიექტია გაყიდული.

გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიაში, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია  -7.51 მილიონი ლარი, ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 2 538 000 ლარი, თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 10 005 000 ლარი.

ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საპრივატიზებო სიას ეტაპობრივად ახალი ობიექტებიც ემატება.